ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა თუ რუსეთი გადაწყვეტს განაახლოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ბევრი ქვეყანა ევროპაში და მის მიღმაც ძლიერ და მტკიცე პასუხს გასცემს.

ინტერვიუში ბლინკენმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გზებზე, რომელიც ვაშინგტონმა რუსეთს მიმდინარე კრიზისის განსამუხტად შესთავაზა.

"ჩვენ რუსეთს შევთავაზეთ მკაფიო არჩევანი. ერთის მხრივ, არჩევანი დიპლომატიისა და დიალოგის, ან კონფრონტაციისა და შედეგების. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ გვქონდა რუსეთთან დიპლომატიური ჩართულობის ინტენსიური სერია, უშუალოდ ჩვენს შორის, სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის საშუალებით ნატოში და ასევე ეუთოში, რუსეთის ფედერაციის საბჭოსთან.

მე კვლავ ვიტოვებ იმედს, რომ რუსეთი ამ დიპლომატიურ გზას გააგრძელებს, მაგრამ, ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, თუ რუსეთი გადაწყვეტს განაახლოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ "ჩვენ", მარტო შეერთებული შტატები. ჩვენ ვართ ბევრი ქვეყანა ევროპაში და მის მიღმაც კი, ვინც [რუსეთის აგრესიას] ძალიან ძლიერ და მტკიცე პასუხს გასცემს", — აცხადებს ბლინკენი.

სახელმწიფო მდივანი, ასევე, ამბობს, რომ საკუთარი მოქმედებებით რუსეთმა იმის დაჩქარება შეძლო, რის პრევენციასაც ცდილობს, ანუ NATO-ს გაძლიერება. ბლინკენი ამბობს, რომ NATO-ს გაძლიერებისკენ 2014 წელს უკრაინაში რუსულმა მოქმედებებმა უბიძგა.

"გასაოცარი ისაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეძლო დაეჩქარებინა ის, რისი პრევენციაც სურს. რადგან, სხვა საკითხებთან ერთად, მას შემდეგ, რაც რუსეთი 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში და აიღო ყირიმი, დონბასი, ნატოს მოუწია გაეძლიერებინა საკუთარი თავი", — აცხადებს ის.

კიევში ჩასვლის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ მცირე დროში სამხედრო ძალების გაზრდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გაემგზავრება გერმანიაში, ბერლინში, სადაც განიხილავენ რუსეთის უახლეს დიპლომატიურ ჩართულობას და ერთობლივ ძალისხმევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად.