ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ცხადია, რომ რუსეთის თვითმიზანი არამხოლოდ ოკუპაცია, არამედ რეგიონში სტრატეგიული ცვლილებაა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მუქარა კონკრეტულად უკრაინისკენ არის დღეს მიმართული, მიზანი მოიცავს საქართველოსაც.

"ჩემთვის ცხადია, რომ რუსეთის თვითმიზანი არ არის მხოლოდ ოკუპაცია. ცოტა ხნის წინ გააჟღერეს, რომ რუსეთის მიზანი რეგიონში სტრატეგიული ცვლილებაა და წარმოდგენილი მოთხოვნები ეხება როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინისა და მოლდოვის მიერ გაკეთებულ არჩევანს, რომელიც არის ტრანსატლანტიკური, რომელიც არის ევროპული და სწორედ ამის შეცვლას ცდილობს რუსეთი.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მუქარა კონკრეტულად უკრაინისკენ არის მიმართული, ცხადია, რომ რუსეთის მიზანი მოიცავს საქართველოსაც და მათ სურთ, რომ სწორედ ამ სახელმწიფოების ხალხების მიერ გაკეთებულმა არჩევანმა დაკარგოს ვალიდურობა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება", — განაცხადა მინისტრმა [ფორმულას თარგმანი].

13 იანვარს, გვიან ღამით უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა იყო, რომელიც უკრაინელებს აფრთხილებდა, რომ მათ უნდა "ეშინოდეთ და ელოდნენ უარესს". 17 იანვარს უკრაინამ განაცხადა, რომ ამ კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას.

2021 წლის ბოლოდან უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარები მობილიზდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მის საზღვართან დაახლოებით, 90 000 რუსი ჯარისკაცი გადაისროლეს.

საერთაშორისო თანამეგობრობა ხედავს რისკებს, რომ ეს შეიძლება შეჭრისკენ მზადებაზე მიუთითებდეს. რუსეთში ამას უარყოფენ. 14 იანვარს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა წინასწარ მოამზადა ოპერატიული დაჯგუფება აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩასატარებლად, რათა შეჭრის საბაბი შექმნას. გამოცემა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიაწოდა. CNN-ის ცნობით, ამერიკას აქვს მტკიცებულებები, რომ დაჯგუფების წევრებს შესწავლილი აქვთ საომარი მოქმედებების წარმოება ქალაქის პირობებში, ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება საბოტაჟისთვის.

მანამდე, 6 დეკემბერს The Washington Post-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაზე მასობრივ თავდასხმას 175 000 სამხედროს მონაწილეობით გეგმავს. ამ ცნობების თანახმად, კრემლს ფართომასშტაბიანი შეტევა 2021 წლის დასაწყისისთვის სურს.

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის წინ, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ანტონი ბლინკენმა კრემლი გააფრთხილა, უარი თქვას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობებზე და განაცხადა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამხედრო ქმედება კრემლისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება. მისივე თქმით, არ იცის მიიღო თუ არა პუტინმა უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილება.

7 დეკემბერს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზომებით უპასუხებენ. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს დიპლომატიასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.

3 იანვარს თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. აშშ-ის ინფორმაციით, ბაიდენმა ზელენკის უთხრა, რომ თუ რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და პარტნიორები მას მტკიცე პასუხს გასცემენ.

პარალელურად, რუსეთი ითხოვს გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდნენ. ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს.