ადამიანებს დიდი ხანია აინტერესებთ, თუ რა ხდება ციხის დახურულ კარის მიღმა და როგორია ეს სისტემა რეალურად. დებიუტანტი მწერალი კოკა ქამუშაძე ამ კარის გაღებას და 2010-იან წლებში ქართული ციხის ჩვენებას ცდილობს, მან წლების წინ მიღებული პირადი გამოცდილება და განცდები რომანად აქცია და მკითხველს სულ ცოტა ხნის წინ გაუზიარა.

კოკა ქამუშაძე განათლებით ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია და თიბისი ჯგუფში მუშაობს, ასევე კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მარკეტინგის მიმართულებით.

კოკა ქამუშაძის სადებიუტო რომანი ბალა(ნ)და ციხეში შემთხვევით მოხვედრილი ახალგაზრდა ბიჭის ისტორიას გვიყვება. მისი ამბავი მკითხველს ჩაკეტილი სისტემის ცხოვრების წესის თავისებურებებს და პატიმრების ყოველდღიურობას სუბიექტურად, ახლოდან აცნობს. ავტორმა შეძლო, რომ მსუბუქად, გამორჩეული იუმორით და თვითირონიით მოეყოლა იმ რთული გამოცდილების შესახებ, რომელსაც იქ მოხვედრილი ადამიანები იღებენ. მართალია, რომანის კითხვისას ხშირად ვიღიმით და გულით ვიცინით კიდეც, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმ პრობლემების ზედაპირულობას, რომელზეც მწერალი გვიამბობს, პირიქით, ისინი რთული, ღრმა და კომპლექსურია.

ვინც რომანი უკვე წაიკითხა ან ამას სამომავლოდ აპირებს, ალბათ, დებიუტანტი ავტორის უფრო ახლოს გაცნობა სურს. სწორედ ამ მიზნით კოკა ქამუშაძეს გავესაუბრეთ და გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც ავტორი საკუთარი თავისა და რომანის შესახებ საზოგადოებისთვის უცნობ ფაქტებს გვიზიარებს.

როგორც ვიცით, წიგნი თქვენს პირად გამოცდილებას ეხება. როდის გაგიჩნდათ სურვილი, რომ საკუთარი ამბავი წიგნად გექციათ?

სურვილი მაშინვე გამიჩნდა, როცა ჩემს ცხოვრებაში ეს ამბავი მოხდა. როცა საპატიმროში ვიყავი, იქ იმდენად უჩვეულო ამბები ხდებოდა, იქვე გამიჩნდა სურვილი, რომ ეს გამოცდილება ვინმესთვის მომეყოლა. შეიძლება ეს ჩემთვის იყო უჩვეულო, თუმცა არა მგონია. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ დაახლოებით ათი წელი ვფიქრობდი და გონებაში ვამუშავებდი ამბავს, რომელიც შემდეგ, 6 თვეში წიგნად ვაქციე, თუმცა გადაწყვეტილება, რომ ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი მემუარად ან რომანად მექცია, მაშინ მივიღე, როცა უშუალოდ პატიმრობაში ვიყავი.

რადგან ეს თქვენი სადებიუტო რომანია, ქართველ მკითხველს თქვენზე, როგორც ახალ მწერალზე, მეტის გაგება სურს. რომელ მწერლებსა და ნაწარმოებს გამოარჩევდით?

მწერლებიდან გამოვარჩევდი მარიო ვარგას ლიოსას, კურტ ვონეგუტს, თომას მანს და ოთარ ჭილაძეს. რაც შეეხება საყვარელ ნაწარმოებებს, ისევ იგივე მწერლებთან რომ დავრჩე, ეს ნაწარმოებებია კურტ ვონეგუტის სარწეველა ფისოსათვის, მარიო ვარგას ლიოსას დეიდა ხულია, ასევე ძალიან მიყვარს გაბრიელ გარსია მარკესის პატრიარქის შემოდგომა და თომას მანის ჯადოსნური მთა.

გიფიქრიათ თუ არა მწერლობაზე აქამდე და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება სადებიუტო ნაშრომის წარმატების შემდეგ?

მწერლობაზე არ მიფიქრია, რადგან ბავშვობაში, რატომღაც, ძალიან მიჭირდა წერა, ყოველ შემთხვევაში, ჩემი ქართულის მასწავლებლები ასე მეუბნებოდნენ. სხვა საგნებში ძალიან კარგი მოსწრება მქონდა, თუმცა თემების წერა ჩემთვის აუღებელი ციხესიმაგრე იყო. გონებაში მქონდა ჩარჩენილი, რომ წერა კარგად არ გამომდის და ამიტომაც მწერლობაზე არ ვფიქრობდი. შემდეგ კი, როცა ჩვენს ცხოვრებაში სოციალური ქსელები გაჩნდა და პოსტების წერა დავიწყე, დავფიქრდი, რომ შეიძლებოდა რამე გამომსვლოდა. ალბათ, ამან უფრო გამათამამა და საბოლოო ჯამში, წიგნის დაწერაც გავბედე. ცხოვრების შეცვლას რაც შეეხება, წიგნი სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა და ამ მხრივ რადიკალურად არაფერი შეცვლილა. არ ვიცი, მომავალში რა იქნება, თუმცა ახლა ცხოვრებას ძველებურად ვაგრძელებ.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ახლა კი თქვენს რომანზე ვისაუბროთ. უნდა აღინიშნოს წიგნის ორიგინალური სათაური და მკითხველისთვისაც საინტერესოა, როგორ მოგივიდათ ეს იდეა?

ჯერ რომანი დავწერე და სათაურზე ფიქრი შემდეგ დავიწყე. სათაურის ბევრი ვერსია მქონდა და მათ შორის, ერთ-ერთი ბალანდა იყო. თუმცა ბალა(ნ)დის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა სათაურს ფურცელზე ვწერდი, რათა ვიზუალურად აღმექვა. ამ ნაწილს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, დიდ ყურადღებას ვაქცევ. როცა სიტყვა დავწერე და შევხედე, თითქოს რაღაც განათდა და მივხვდი, რომ ფრთხილებში ასო ნ-ს ჩასმით სათაურისთვის დამატებითი განზომილების მიცემა შემეძლო. ბალანდა კი სხვა სათაურებისგან იმიტომ გამოვარჩიე, რომ საკვები და კვება რომანის ბევრ ეპიზოდში გვხვდება, რაც იქაური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

საკითხს რომ ცოტა სხვაგვარად შევხედოთ, თუ დავაკვირდებით, ზიარებაც კვებასთან არის დაკავშირებული, როცა სიმბოლურად ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვიღებთ. ციხესთან ზიარება კი ბალანდის ჭამაა, რომელსაც სხვაგან ვერსად შეჭამ. როცა ჩაკეტილ სისტემაში ხარ, სწორედ ბალანდის მეშვეობით "ეზიარები" ციხეს. სიმბოლურია, რომ ციხიდან გამოსული პერსონაჟის პირველი საკვები სრულიად "შემთხვევით" სეფისკვერი აღმოჩნდა. ბალანდასთან და ჩაკეტილ ცხოვრებასთან ზიარება მთავრდება და თავისუფალ ცხოვრებასთან ზიარება ასე იწყება, ამიტომ სხვა სათაურებს შორის კონცეპტუალური დატვირთვისა და სიტყვის სიმარტივის გამო ბალა(ნ)და ავარჩიე.

რადგან წიგნის სიუჟეტი ნამდვილ ამბავს ეხება, საინტერესოა, მისი პერსონაჟები უმეტესად ნამდვილი ადამიანების პროტოტიპები არიან თუ გამოგონილები?

პირდაპირი პროტოტიპი არცერთ პერსონაჟს არ ჰყავს, რადგან თითოეული მათგანი ბევრი სხვადასხვა ადამიანისგან არის შედგენილი, რომელთა ნაწილიც ციხეში გავიცანი, ხოლო ნაწილს მანამდეც ვიცნობდი. ვერ ვიტყვი, რომ წიგნის პერსონაჟები გამოგონილები არიან, რადგან რეალური ადამიანებისგან ყველას აქვს რაღაც ნასესხები.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

თქვენი აზრით, წიგნის წაკითხვის შემდეგ რა შეიცვლება იმ მკითხველებისთვის, რომლებსაც ციხესთან პირდაპირი კავშირი არასდროს ჰქონიათ?

შეიცვლება ის, რომ მკითხველი ნეიტრალური ადამიანის მიერ აღწერილ ამ სისტემას შიგნიდან დაინახავს. ჩვენ ციხის კულტურაზე ინფორმაციას, ძირითადად, ოფიციალური წყაროებიდან ვიღებთ. ერთია ამ ტიპის ინფორმაცია, რომელსაც პენიტენციარული დაწესებულების ან შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენელი უფრო შელამაზებულად გვიყვება და მეორეა — კრიმინალური სუბკულტურიდან მოყოლილი ამბები. თუმცა, შედარებით ნაკლებად ვისმენთ ამბებს ციხის შიგნით შემთხვევით მოხვედრილი ადამიანისგან, რომელიც ამ ორ პოლუსს არ მიეკუთვნება და რომელსაც შეუძლია ადმინისტრაციის ქცევა თუ თავად ეს სუბკულტურა ობიექტურად შეაფასოს.

როგორც წესი, რეალური ამბების თხრობის შემთხვევაშიც კი, ხშირად მწერლები გარკვეულ მოვლენებსა და ფაქტებს ცვლიან. რას გვეტყოდით თქვენი რომანის შესახებ ამ კუთხით, რამდენად ახლოსაა თქვენი და მთავარი პერსონაჟის გამოცდილება ერთმანეთთან?

არა მხოლოდ ჩემი და მთავარი პერსონაჟის შემთხვევაში, არამედ მთელი რომანი მათემატიკური საზომით რომ შევაფასოთ, დაახლოებით 50% რეალურ ფაქტებზე მოგვითხრობს. ამბები, მაგალითად, თუ რა ხდება ციხეში — როგორ ექცევა ადმინისტრაცია პატიმრებს, როგორია სასამართლო სისტემის დამოკიდებულება პატიმრის მიმართ და ასე შემდეგ, რომანში ზუსტად არის ასახული. წიგნი რომ მთლიანად შევაფასოთ, მისი ერთი ნახევარი დოკუმენტური მასალაა, ხოლო მეორე ნახევარი გამოგონილია.

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

წიგნზე მუშაობის პროცესში რა მოლოდინები გქონდათ? უშვებდით, რომ თქვენი პირველი ნაწარმოები ასეთი პოპულარული გახდებოდა?

რა თქმა უნდა, ვუშვებდი, რადგან თვითკრიტიკული ადამიანი ვარ და როცა რაღაცას ვაკეთებ, მისი ობიექტურად შეფასებაც შემიძლია. როცა ნაშრომს გადავხედე და მომეწონა, დავუშვი, რომ მკითხველსაც შეიძლება მოსწონებოდა. სამწუხაროდ, ციხის თემატიკაც ჩვენი ისტორიის არცერთ ეპოქაში არ კარგავს აქტუალობას და თან გამომდინარე იქიდან, რომ მძიმე თემაზე მსუბუქი საკითხავი გამოვიდა, ვუშვებდი, რომ რომანი წარმატებული იქნებოდა, თუმცა ჯერჯერობით ადრეა რომანის წარმატებაზე საუბარი, რადგან ცოტა ხნის წინ გამოვიდა და ჯერ ბევრ ადამიანს წაკითხულიც არ ექნება, ამიტომ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, რათა მკითხველის შეფასებებიც მოვისმინოთ, თუმცა მე მჯერა, რომ რომანი წარმატებული იქნება, რადგან თავად რომ არ მჯეროდეს, ადამიანებისთვის გაზიარებას, ალბათ, ვერ გავბედავდი.

ავტორებს ხშირად ვუსვამთ კითხვებს მაქს ფრიშის კითხვარიდან და თქვენი პასუხებიც საინტერესო იქნება: გერჩივნათ, სხვა ერის (კულტურის) წარმომადგენელი ყოფილიყავით?

ალბათ, ამაზე ყველას გვიფიქრია, რადგან, სამწუხაროდ, მაინცდამაინც დალხენილ ქვეყანაში არ გვიწევს ცხოვრება. არის შანსი, რომ უკეთეს კულტურაში მოვხვედრილიყავით, მაგრამ უფრო დიდი შანსია, უარეს ქვეყანაშიც გვეცხოვრა. ამიტომ დავრჩებოდი იქ, სადაც ვარ და ვიქნებოდი იმ კულტურის მატარებელი და ერის შვილი, რომლისაც ვარ. მე მგონია, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გარემოს შევიქმნით ჩვენ გარშემო. მხოლოდ ის, რომ ცუდ გარემოსა და ქვეყანაში დაიბადე, არ განაპირობებს იმას, შენი ცხოვრება კარგია თუ ცუდი. შეიძლება, უარესი ცხოვრება გქონოდა უფრო კარგ ქვეყანაში რომ დაბადებულიყავი, თუმცა ვთვლი, რომ ნებისმიერი გარემოდან მაქსიმალურის მიღებაა შესაძლებელი. მაგალითად, ციხეში მოხვედრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ იქაურობიდან მაქსიმუმი "წამომეღო". გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცი, სხვაგან რა იქნებოდა, ვთვლი, რომ სადაც ვარ, ისიც ნორმალურია და ამ ეტაპზე ნამდვილად არ შევცვლიდი.

გინდათ, რომ უკვდავი იყოთ?

არ მინდა, რომ ფიზიკურად უკვდავი ვიყო, მაგრამ მინდა, რომ მუდმივად ვახსოვდე.

შეგიძლიათ, თავი უსამშობლოდ წარმოიდგინოთ?

თავისუფლად შემიძლია, რადგან ის ადამიანი ვარ, რომლის სამშობლოც არის დედამიწა და შესაბამისად, ყველა ქვეყანა მისი სამშობლოა.

და ბოლოს, გეგმავთ თუ არა საავტორო კარიერის გაგრძელებას და რას უნდა ელოდნენ მკითხველები თქვენგან?

წერის პროცესი იმდენად მომეწონა, რომ სიამოვნებით გავიმეორებდი, თუმცა მნიშვნელოვანია, ისეთი ისტორია გქონდეს, რომლის მოყოლაც გინდა და რომლის მოსმენაც მკითხველისთვის ღირს. შესაბამისად, თუ ასეთი ისტორია ჩემს გონებაში გაჩნდება ან თავს გადამხდება, ალბათ, ამას აუცილებლად ფურცელზე გადმოვიტან. მაგრამ ეს ჯერჯერობით დანამდვილებით არ ვიცი.