სოციალური აგენტი, თეა ნარიმანიშვილი გაფიცვის გამო ზეწოლის ფაქტზე საუბრობს. როგორც ის On.ge-სთან აცხადებს, "ზემდგომს" არ სურდა, რომ გაფიცულიყვნენ და ერთ-ერთ თანამშრომელზე ზეწოლა განხორციელა.

"რომ არ გაიფიცოს, ამაზე იყო ზეწოლის ფაქტი. კონკრეტულ პიროვნებას ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ თვითონ თუ არ ისაუბრებს, ვისზეც განხორციელდა ზეწოლა, მე უძლური ვარ ამ შემთხვევაში. მაგრამ ფაქტი იყო, არ სურდა ზემდგომს, რომ გაფიცულიყო და ხელი შეუშალა", — აცხადებს ის.

მისივე თქმით, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები, კერძოდ, მიმართვა ფრაზებით, "სხვა განყოფილებები არ გაიფიცნენ და თქვენ რატომ იფიცებით" და სხვა.

"ფსიქოლოგიური ზეწოლა დეზინფორმაციის გავრცელებაში გამოიხატება, "სხვა განყოფილებები არ გაიფიცნენ და თქვენ რატომ იფიცებით" და ასეთი დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით, "გინდა თუ არა, დაბრუნდი, თორემ გაგიშვებ", ასეთი ფაქტი მე არ ვიცი", — აღნიშნა მან.

ხვალ 13:00 საათზე სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები აქციას მართავენ. მათ გაფიცვა 17 იანვარს დაიწყეს. ამ ეტაპზე, 400-ზე მეტი თანამშრომელია გაფიცული. რაც შეეხება მოთხოვნებს, ისინი ძირითადად ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება: ხელმომწერებს სურთ ანაზღაურების გაზრდა 100%-მდე, ასევე, რეგიონულ განყოფილებებსა და თბლისის ცენტრებში ერთი და იგივე პოზიციებზე დასაქმებულთა ანაზღაურების გათანაბრება. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გაწეული ხარჯებს ანაზღაურებას და დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში, შესაბამისად, დამატებით ანაზღაურებას.