მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოვიდვაქცინით აცრის შემდგომ ხშირ გვერდით ეფექტთა 2/3-ზე მეტი არა თავად ვაქცინით, არამედ პლაცებოს ეფექტის ნეგატიური ვერსიით, "ნოცებოს ეფექტითაა" გამოწვეული. ამ დროს პაციენტს გვერდითი მოვლენები მხოლოდ მოლოდინის გამო უვითარდება.

აშშ-ის მეცნიერებმა კოვიდვაქცინათა 12 კლინიკური ცდიდან მოპოვებული მონაცემები შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ვაქცინის პირველი დოზის მიღებისას ნოცებოს ეფექტს გვერდით მოვლენათა დაახლოებით 76% მიეწერებოდა, მეორე დოზისას კი — დაახლოებით 52%.

მათ მიგნებებს თუ დავუჯერებთ, მსუბუქ გვერდით მოვლენათა — თავის ტკივილი, ხანმოკლე დაღლილობა, მკლავის ტკივილი — მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინის კომპონენტების მიერ გამოწვეული არაა. დამნაშავე კერძოდ ნოცებოს ეფექტის აღმძვრელი ფაქტორებია, მათ შორის შფოთვა, გვერდითი მოვლენების მოლოდინი და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების აცრისათვის მიწერა.

აქედან გამომდინარე, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნოცებოს ეფექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა, აცრის მაჩვენებელიც გაზარდოს, რადგან ზოგი ადამიანი სწორედ შესაძლო გვერდითი ეფექტების გამო ორჭოფობს.

"პაციენტებისთვის იმის თქმა, რომ ვაქცინას ისეთივე გვერდითი ეფექტები აქვს, როგორიც ცდების ფარგლებში პლაცებოს შეყვანას, მათ შფოთვას უმცირებს და გვერდითი ეფექტების აწონ-დაწონვის საშუალებას აძლევს, თუმცა დამატებითი კვლევა გვესაჭიროება", — განაცხადა ტედ კაპჩუკმა, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის პროფესორმა და კვლევის მთავარმა ავტორმა.

კაპჩუკმა და დოქტორმა ჯულია ჰაასმა კლინიკურ ცდებში აღრიცხული გვერდითი მოვლენები გააანალიზეს. თითოეული ცდის ფარგლებში პლაცებოს ჯგუფის წევრებისთვის ვაქცინის ნაცვლად მარილის ხსნარი შეჰყავდათ. მეცნიერებს ამ დროს სერიოზული და იშვიათი გვერდითი ეფექტები (სისხლის შედედება, მიოკარდიტი) არ გამოუკვლევიათ.

ჟურნალ Jama Network Open-ში ისინი წერენ, რომ პირველი ინიექციის შემდეგ პლაცებოს ჯგუფებში მყოფთა 35% სისტემურ გვერდით ეფექტებს განიცდიდა (ასეთია თავის ტკივილი, დაღლილობა და სხვა), 16% კი — აცრის ადგილას დისკომფორტს, მათ შორის ტკივილს, შეწითლებას ან დასივებას.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი დოზის მიმღები ადამიანები გვერდით ეფექტებს უფრო ხშირად განიცდიდნენ. დაახლოებით 46%-ს სისტემური სიმპტომები აღენიშნებოდა, 2/3-ს კი მკლავი სტკიოდა ან აცრის ადგილას ლოკალიზებული სხვა სიმპტომები ჰქონდა.

შემდეგ მეცნიერები მეორე დოზის თანმდევ გვერდით მოვლენებს დააკვირდნენ და აღმოაჩინეს, რომ თავის ტკივილისა და სხვა სისტემური სიმპტომების მაჩვენებელი ვაქცინის მიმღებებში იმაზე ორჯერ მაღალი იყო (61%), ვიდრე პლაცებოს ჯგუფში (32%). ლოკალიზებული დისკომფორტის შემთხვევაში განსხვავება კიდევ უფრო დიდი იყო: ვაქცინის მიმღებ პირებში 73%, პლაცებოს ჯგუფში კი 12%.

საერთო ჯამში, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ ცდებში აღრიცხულ ხშირ გვერდით მოვლენათა დაახლოებით 2/3-ს ნოცებოს ეფექტი იწვევს, განსაკუთრებით თავის ტკივილსა და დაღლილობას — ეს ორი არაერთი ვაქცინის ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენებად მიიჩნევა.

მტკიცებულებების თანახმად, ადამიანებმა ვაქცინის გვერდითი ეფექტები იციან, ამიტომაც შესაძლოა, ხშირ ავადმყოფობათა სიმპტომები აცრას შეცდომით მიაწერონ. შესაძლოა, ისინი გადამეტებითაც აკვირდებოდნენ თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობას. მიუხედავად ამისა, კაპჩუკი თვლის, რომ პაციენტებს გვერდით ეფექტებზე მაინც მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ:

"ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ შფოთვის შესამცირებლად პაციენტებმა გვერდით ეფექტებზე ნაკლები უნდა იცოდნენ, თუმცა, ვფიქრობ, გულახდილობა უკეთესია".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.