დედამიწაზე არსებული სიცოცხლისთვის ნახშირბადი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ მისი სხვა პლანეტაზე აღმოჩენა მეცნიერების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სწორედ ასე მოხდა მარსის შემთხვევაშიც.

NASA-ს მიერ წითელი პლანეტის შესასწავლად გაშვებულმა აპარატმა Curiosity იქ მდებარე გეილის კრატერიდან მრავალი გეოლოგიური ნიმუში მოიპოვა, რაც 2012 წლის აგვისტოდან 2021 წლის ივლისამდე პერიოდში მოახერხა. მან გრუნტიდან ნახშირბადის სტაბილური იზოტოპები — ნახშირბად 12 და ნახშირბად 13 — გამოაცალკევა, რომელთა რაოდენობის გამოკვლევის გზითაც შეგვიძლია, ამ ნივთიერების წრებრუნვის პერიოდული ცვლილება გამოვააშკარაოთ.

ფოტო: NASA

საინტერესოა, რომ ნიმუშთა ნაწილში ნახშირბად 13 ჭარბობდა, ზოგში კი მისი შემცველობა ძალიან მცირე იყო. სპეციალისტები აქედან ასკვნიან, რომ მარსზე მიმდინარე ციკლური პროცესები დედამიწისას არ ჰგავდა.

მაგრამ კონკრეტულად რამ გამოიწვია მსგავსი თანაფარდობა და დანაწევრება? მეცნიერებს 3 სხვადასხვა პასუხი აქვთ.

პირველი ჰიპოთეზა ამას მტვრის მოლეკულურ ღრუბელს უკავშირებს, რომელშიც მზის სისტემა ასობით მილიონ წელში ერთხელ გადაადგილდება. ის პლანეტის ტემპერატურას დაბლა დაწევდა და ყინულის საფარზე მტვრის ნაწილაკებს დალექავდა, მათ შორის ნახშირბადს, რომელიც ლღობის შემდეგაც შენარჩუნდებოდა. ჯერჯერობით მტკიცებულება არ გვაქვს, რომ გეილის კრატერში ამგვარი მყინვარები იყო, ამიტომ რაიმეს დაზუსტებით სათქმელად დამატებითი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

მეორე ახსნა CO2-ის ორგანულ ნაერთად გადაქცევაა, მაგალითად, ფორმალდეჰიდად. ამას ისეთი აბიოტური პროცესი შეუწყობდა ხელს, როგორიც ულტრაიისფერი გამოსხივებაა. თუმცა, აქაც გარკვეული კითხვები არსებობს.

მესამე ჰიპოთეზა ბიოლოგიურად წარმოქმნილი მეთანიდან ნახშირბადის გამოყოფაა, რაც ან მიკრობების დამსახურებაა, ან ულტრაიისფერ სინათლესთან ურთიერთქმედების. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მარსზე მიკვლეული ნახშირბადი ცოცხალი ორგანიზმების ცხოველქმედების შედეგია.

პარალელი შეგვიძლია გავავლოთ ავსტრალიის ტერიტორიიდან აღებულ ნიმუშებთან, რომლებიც 2.7 მილიარდი წლით თარიღდება. იქ ნახშირბად 13-ის ნაკლებობა სწორედ აღნიშნული ბიოლოგიური აქტიურობით იყო გამოწვეული

რა თქმა უნდა, წითელ პლანეტაზე მიკროორგანიზმებისთვის ამ დრომდე არ მიგვიგნია. შესაბამისად, ხელჩასაჭიდი ბევრი არაფერი მოგვეპოვება. ამის მიუხედავად, ჩვენი მეზობელი ციური სხეულის შესწავლა გრძელდება და მნიშვნელოვანი აღმოჩენები ჯერ კიდევ წინაა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში PNAS გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.