სუპერგმირების შესახებ ფილმების მოყვარულებისთვის სპაიდერმენში უილემ დეფოს მწვანე გობლინის პერსონაჟი კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბოროტმოქმედია. საკულტო ბოროტმოქმედის როლი მსახიობმა 20 წლის შემდეგ მარველის ახალ ფილმში Spider-Man: No Way Home-ში კიდევ ერთხელ მოირგო. როგორც ჩანს, კომიქსების სამყაროს ბოროტმოქმედებისადმი დეფოს სიყვარული მწვანე გობლინით სულაც არ შემოიფარგლება.

ცოტა ხნის წინ გამოცემა GQ-სთან ინტერვიუში უილემ დეფომ ჟურნალისტს გაუმხილა, რომ "თვითმარქვია ჯოკერის" შესახებ ფილმის გადაღებასა და აღნიშნული პერსონაჟის როლის განსახიერებაზე ოცნებობს. მისი პერსონაჟი ნამდვილი ჯოკერი კი არ იქნება, არამედ ადამიანი, რომელიც თავს ჯოკერად ასაღებს.

"ძალიან საინტერესო იქნებოდა თვითმარქვია ჯოკერის პერსონაჟი. შესაძლებელია არა ორი ჯოკერის დაპირისპირება, არამედ ისეთი გმირის შექმნა, რომელიც იტყუება და ამტკიცებს, რომ ჯოკერია. ეს საინტერესო ისტორიის დასაწყისი იქნებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხოაკინ ფენიქსის ჯოკერის შემდეგ ისეთი გმირი გყავს, რომელიც მას ბაძავს. ამაზე ჩუმად ვოცნებობ, არავისთვის მითქვამს. თქვენ პირველები ხართ", — ამბობს მსახიობი.

აღსანიშნავია, რომ მსახიობს ჯოკერის როლზე მისი ფანებიც საკმაოდ ხშირად განიხილავდნენ, ამიტომ, სავარაუდოდ, ამ იდეას იმაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება, ვიდრე უილემ დეფოს ჰგონია.

ჯოკერი აქამდე ჯეკ ნიკოლსონმა, ჯარედ ლეტომ, ხოაკინ ფენიქსმა და ჰიტ ლეჯერმა განასახიერეს. ჩამოთვლილთაგან ბოლო ორმა მსახიობმა როლისთვის ოსკარიც კი მიიღო. ვინ იცის, იქნებ რომელიმე რეჟისორმა დეფოს ოცნებას ყური მართლაც უგდოს და მსახიობმა თვითმარქვია ჯოკერის როლი მოირგოს?!