ელენე ბაქრაის (დარიანი) წიგნის შესწორებული ვერსიის გამოსაცემად უკვე 19 449 ლარი შეგროვდა. ეს თანხა საინიციატივო ჯგუფის პოსტიდან სულ რაღაც 15 საათში გადაირიცხა და რამდენიმე ათასით აღემატება იმას, რაც საჭირო იყო.

"რადგან დღეს ბანკები არ მუშაობს, ხვალ გამოჩნდება სხვა ბანკებიდან გადმორიცხვებიც. იქნებ შევაჩეროთ გადმორიცხვები. საკმარისი ტირაჟით დაიბეჭდება, რომ მერე შეძენაც შესაძლებელი იყოს.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯები ასეთია: პარასკევისათვის შემომწირველთა სიას შევადგენთ, დავურთავთ წიგნს და გავაგზავნით დასაბეჭდად. იმედი გვაქვს იმ კვირის ბოლოს უკვე გვექნება", — ვკითხულობთ განცხადებაში.

წიგნის პირველი ვერსიის დაბეჭდვაში გადახდილი თანხის დასაბრუნებლად და შესწორებული ვერსიის გამოსაცემად 12 560 ლარი იყო საჭირო. საინიციატივო ჯგუფი ამბობდა, რომ მათი მიზანი იყო ფული ერთ კვირაში შეეგროვებინათ, ახლა კი ამბობენ, რომ მორჩენილ თანხას სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ და ამის შესახებ საზოგადოებას მალე აცნობებენ.


წიგნი თავდაპირველად გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა, თუმცა, მასში შეცდომით აღმოჩნდა ანა კალანდაძის ორი ლექსი. ამის შემდეგ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაბეჭდილი ტირაჟის დაბრუნება მოითხოვა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს სამომავლოდ "სერიოზულად" განიხილავდა მუზეუმის დირექტორთან და კრებულის ერთ-ერთი შემდგენელთან, ლაშა ბაქრაძესთან.

ტირაჟის ამოღების მიუხედავად, წიგნზე სოციალურ ქსელში მაინც დიდი მოთხოვნა გაჩნდა და სწორედ ამაზე საპასუხოდ შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც განმარტა, რომ 500-ეგზემპლარიანი ტირაჟის დასაბეჭდა მუზეუმმა 6 280 ლარი დახარჯა, რომელიც სამინისტროს უნდა დაუბრუნოს და ამდენივეა საჭირო ხელახლა დასაბეჭდად.

სასაჩუქრედ განკუთვნილი ეგზემპლარების გარდა, ტირაჟიდან დარჩენილი წიგნები მუზეუმს გადაეცემა.

ამავე თემაზე: