ჯეინ ოსტინიდან დაწყებული, ჯეიმს პატერსონით დამთავრებული, ყველა მწერალი თავისებურად წერს, რაც ხშირად წერის "სტილად" განიხილება. არსებითად, სტილი იმას მიემართება, თუ "როგორაა" ნაწარმოები დაწერილი — ის ნაწარმოების ფორმას უფრო უკავშირდება, ვიდრე მის შინაარსს. აქედან გამომდინარე, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ამბავი მოეწონა, მაგრამ უკმაყოფილო დარჩა იმით, თუ როგორ იყო დაწერილი, ის პრეტენზიას სწორედ სტილზე გამოთქვამს.

თვალსაჩინოებისთვის შეგვიძლია, ერთმანეთს ჯ.რ.რ. ტოლკინის ჰობიტი და ჯეიმზ ჯოისის ულისე შევადაროთ. ჰობიტი დაწერილია ფართო აუდიტორიისათვის, ის ნაცადი სტილის მქონე ამბავია, რომელსაც ავტორი მარტივი და გასაგები ენით გვიყვება. რაც შეეხება ულისეს, ის წასაკითხად უფრო რთულია, სავსეა ბუნდოვანი ტერმინებით, კომპლექსური ფრაზირებითა თუ დაშიფრული მითითებებით სხვა ნაშრომებზე.

რასაკვირველია, ულისეშიც ჯოისი ამბავს ჰყვება (და შესანიშნავსაც), მაგრამ ის მხოლოდ ამბის მოყოლით არ არის დაინტერესებული. ჯოისი რომანის სტრუქტურასა და ენას ფორმაზე ექსპერიმენტისათვის იყენებს, რის მეშვეობითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დოგმად ქცეულ იდეებს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ლიტერატურა.

ფოტო: Getty Images / Anna Gorin

მაგრამ იმისდა მიუხედავად, რომ სტილი მწერალთა მიხედვით განსხვავდება, ამასთან, როგორც ჩანს, ის ნაკლებად იცვლება იმ ავტორთა შორის, რომლებიც ერთ ოჯახს მიეკუთვნებიან. ბოლოდროინდელ კვლევაში ნათესაურად დაკავშირებული ავტორების ლიტერატურულ სტილს დააკვირდნენ და ერთმანეთს შეადარეს. შედეგად გამოიკვეთა, რომ იმ მწერლების უმეტესობა, რომლებიც ერთსა და იმავე ლიტერატურულ ოჯახს განეკუთვნებიან, დაახლოებით ერთნაირადაც წერენ.

ლიტერატურული ოჯახები

ავტორისეულ სტილს მის მიერ შერჩეულ კონკრეტულ სიტყვებზე დაკვირვების მეშვეობით სულ უფრო ხშირად შეისწავლიან. ამ პროცესს სტილომეტრია ეწოდება. სტილომეტრია იყენებს კომპიუტერს, რომელიც სტატისტიკურად ზომავს ტექსტში ყველაზე ხშირად გამოყენებულ სიტყვებს. მწერლები ერთგულობენ იმას, თუ რა სიხშირით მიმართავენ გარკვეულ სიტყვებს. აქედან გამომდინარე, სიტყვების დათვლას შეუძლია განსაზღვროს, თუ როგორ წერს ერთი კონკრეტული მწერალი ან თუნდაც ავტორთა ჯგუფი.

ეს პროცესი ყველაზე ხშირად ავტორის იდენტიფიცირებისათვის გამოიყენება. ის პასუხს სცემს შეკითხვებს იმის შესახებ, თუ რეალურად ვინ დაწერა ესა თუ ის რომანი. სწორედ ასე მოხდა, მაგალითად, ქარიშხლიანი უღელტეხილისა და მიდი, დააყენე დარაჯის შემთხვევებში.

ფოტო: Hannah McKay / Alamy

მაგრამ სტილომეტრია არ გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტექსტის ავტორის ვინაობაა სადაო. ის ასევე ეფექტიანია სტილური მსგავსებების ანალიზისთვისაც. ლიტერატურული ოჯახები უნიკალურ შესაძლებლობას იძლევიან იმისათვის, რომ შევისწავლოთ, თუ რატომ წერენ გარკვეული ფორმით ერთმანეთთან დაკავშირებული ავტორები, რადგან მონათესავე მწერლები, როგორც წესი, მსგავს სოციალურ გარემოში ვითარდებიან.

კვლევაში სტილომეტრია შემდეგი ლიტერატურული ოჯახების გასაანალიზებლად გამოიყენეს: კინგსლი და მარტინ ემისები (მამა-შვილი); ენი, შარლოტა და ემილი ბრონტეები (დები), უილიამ გოდვინი, მერი უოლსტონკრაფტი და მერი შელი (მამა-დედა-შვილი), ა.ს. ბაიეტი და მარგარეტ დრებლი (დები), უილიამ სომერსეტი და რობინ მოემები (ბიძა-ძმისშვილი), ჯონ ლე კარე და ნიკ ჰარკაუეი (მამა-შვილი).

შედეგმა აჩვენა, რომ ნათესავები, ძირითადად, ერთმანეთის მსგავსი სტილით წერდნენ. გამონაკლისის გარეშე, თითოეული ავტორი სტატისტიკური მონაცემებით თავისი ოჯახის წევრთან დაჯგუფდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერმა 100% სიზუსტით შეძლო წერის სტილზე დაყრდნობით სხვადასხვა ოჯახის ერთმანეთისგან გარჩევა. შემდეგი ეტაპი უფრო მასშტაბური კვლევის ჩატარება იქნება მეტ ოჯახზე, რათა გაირკვეს, არის თუ არა ეს ტენდენცია უფრო ზოგადი და ფართო.

ეს უკანასკნელი ექსპერიმენტი შთაგონებული იყო წინა კვლევით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ოჯახის, ბრონტეების შესახებ. მან აჩვენა, რომ თავიანთ თანამედროვეებთან შედარებით, დები ბრონტეები საოცრად მსგავს ლიტერატურულ სტილს იზიარებენ. ეს შეიძლება არც იყოს გასაკვირი, თუ გავიხსენებთ, რამხელა ურთიერთთანამშრომლობა ჰქონდათ ბრონტეებს ერთმანეთთან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ანალიზი სხვა ოჯახებს შორისაც ანალოგიურ შედეგს იძლევა.

რამდენიმე ლიტერატურული ოჯახის დენდროგრამაზე წარმოდგენილი სტილომეტრული ანალიზი. დენდოგრამაზე გამოყენებული ხაზები გასაზომი ერთეულების მსგავსებაზე მიუთითებს. რაც უფრო მოკლეა ხაზი ავტორებს შორის, მით უფრო მსგავსია მათი სტილიც.

ფოტო: James O'Sullivan

შემოქმედებითი თანამშრომლობა ბრონტეების მსგავს ოჯახებში, რომლებშიც ყველა მწერალია, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია იმ ოჯახური გავლენის შემჩნევა, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ მისი აღმოჩენა სტილომეტრული ტექნიკებითაა შესაძლებელი. შეიძლება ეს იმაზე მეტყველებდეს, რომ ავტორისეული ხმის ძირითადი მახასიათებლები მისი პიროვნების მაფორმირებელ გარემოსა და აღზრდასთანაა დაკავშირებული.

ბუნება და აღზრდა

ასეთი აღმოჩენები აცოცხლებს (მრავალჯერ გადაღეჭილ) დავას აღზრდისა და ბუნების თაობაზე. მერი შელი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ფრანკენშტაინისთვისაა ცნობილი, თავის მშობლებთან, უილიამ გოდვინთან და მერი უოლსტონკრაფტთან ჯგუფდება.

თუ სხვა შემთხვევებში ოჯახის წევრებს შორის სტილისტური მსგავსება მათი თანამშრომლობიდანაა წარმოქმნილი, მერი შელი დედამისს არც კი იცნობდა, რადგან ის მერის დაბადებიდან ათ დღეში გარდაიცვალა. და მაინც, ისინი ერთმანეთის მსგავს ლიტერატურულ სტილს იზიარებენ.

მერი შელი და მერი უოლსტონკრაფტი.

ფოტო: Getty Images

ფემინისტი მწერლის, უოლსტონკრაფტის ერთადერთი რომანი იქამდე გამოქვეყნდა, სანამ ის გოდვინთან დაიწყებდა ურთიერთობას. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გოდვინის გავლენამ დააკავშირა ოჯახის ქალი წევრები ერთმანეთთან. თუმცა იმის ვარაუდი კი შეგვიძლია, რომ მერი შელი იმავენაირ გარემოში აღიზარდა, როგორშიც — მერი უოლსტონკრაფტი.

ან, შეიძლება, არის რაღაც აღზრდის მიღმა — რაღაც გენეტიკური, რაც, უბრალოდ, დედიდან შვილზე გადავიდა. და, მართალია, ეს მოსაზრება ნაკლებად სავარაუდოა, იმის უარყოფა, რომ მერი შელი დედამისის გაცნობის გარეშე მის ლიტერატურულ სტილს იმეორებს, შეუძლებელია.

შესაძლოა, მწერლობა ისეთი რამაა, რაც სისხლშია გამჯდარი.