აფხაზეთის მთავრობის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია ამტკიცებს, რომ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. ასე ეხმაურება ის სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილების პროტესტს.

"ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრი პირი, მათ შორის, ის აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით, გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე", — უთხრა მან TV პირველს.

კითხვას, რა კონკრეტულად გააკეთა, ფაცაცია ასე პასუხობს:

"პირველ რიგში, გავიზიარე დევნილთა პრობლემები ავედი მათთან, მათი პრობლემების გასაზიარებლად".

დავით ფაცაცია ამბობს, რომ სანატორიუმ ქართლში სამძიმარზე არ მისულა, მიზეზად კი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შესაძლო პროვოკაციას ასახელებს.

"სამძიმარზე არ ვყოფილვარ. სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, იქ არის ძალიან დიდი პროვოკაციის ჯგუფი, რომელიც შეეცდება რაიმე ტიპის პროვოკაცია მოაწყონ. იქ არის ნაციონალური მოძრაობა, პროვოკატორები, რომლებიც იყენებენ დევნილების ინტერესებს, სამწუხაროდ", — განაცხადა ფაცაციამ.

16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის მიზეზი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობაა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

17 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სანატორიუმ ქართლში მომხდარი ფაქტი "უბედური შემთხვევაა" და ის დევნილთა პრობლემებს არ უნდა დაუკავშირონ. მინისტრის განცხადებას გამოეხმაურნენ სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილები. მათი განცხადებით "ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა".

გაიგე მეტი: