როგორც წესი, საჩუქრებს საახალწლოდ ელიან ხოლმე, თუმცა თბილისის ზოოპარკში განსაკუთრებული ჟრიამული დღესასწაულის ჩავლის, მეტიც — ქართული მინიმუმ ორკვირიანი ჭამა-სმის დასრულების შემდეგ იწყება.

ზოოპარკის წარმომადგენლები ყოველწლიურად გვთხოვენ, რომ უკვე გამოყენებული ჩიჩილაკები ან ბუნებრივი ნაძვის ხეები სანაგვეში მოსროლის ნაცვლად, ზოოპარკის ბინადრებს მივუტანოთ და გავამხიარულოთ.

გამონაკლისი არც წელს არის და შეგვახსენებენ, რომ გმირთა მოედნისკენ თუ დავიძვრებით, ხელს თან გავაყოლოთ უკვე უსარგებლო ბუნებრივი საახალწლო დეკორაციები.

"თუ ჩათვლით, რომ გათლილი ჯოხის დათვისთვის ჩუქებით ბარაქას მოიკლებთ, არ მოგვიტანოთ. მერე ჩვენ არ დაგვბრალდეს რამე", — ტრადიციული ხუმრობის ტონს მარტივად დაიჭერთ ზოოპარკის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტში.

რაში შეიძლება სჭირდებოდეთ ჩიჩილაკები ზოოპარკში? საქმე იმაშია, რომ დათვები, ენოტები და ჩლიქოსნებიც კი დიდი ინტერესით ეპყრობიან მათთვის ამ უჩვეულო ნივთს, ერთობიან და ძირითადად ერთ სივრცეში ყოფნის გამო ნაკლებად იწყენენ.

ამას უფრო ვრცლად ზოოპარკის ადმინისტრაცია განმარტავს:

"ზოოპარკის ბინადრებისთვის მეტად მნიშვნელოვანია სხვადასხვა გასართობის, თავსატეხის, რაიმე სიახლის შეთავაზება. თანაც პერმანენტულად. ამ აქტივობებს "ენრიჩმენტს", ანუ გარემოს გამდიდრებას ეძახიან. თანამედროვე ზოოპარკებში ეს ისეთივე რუტინული საქმეა, როგორც ცხოველის კვება, წყლის გამოცვლა და ვოლიერის დალაგება. ხშირად დამთვალიერებლები ხეზე მოკონწიალე ხორცს, ან ბოსტნეულს რომ დაინახავენ, კოპებშეყრილნი გვსაყვედურობენ, ცხოველებს რატომ აწვალებთ, არ შეიძლება პირდაპირ აჭამოთო? ცივილურადო. ადამიანურადო. არა, ბატონო. არ შეიძლება. გარეული ცხოველებისთვის საკვების ლანგრით მირთმევა სულაც არაა სასარგებლო. პირიქით. გარემოს გასამდიდრებელი ღონისძიებებიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ცხოველმა ბუნებრივი ქცევები გამოავლინოს – ეძებოს და მოიპოვოს საკვები, ისწავლოს ხეზე ცოცვა, აიშენოს ბუნაგი, ან ბუდე და ა.შ.", — აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.

შესაბამისად, თქვენთვის უკვე გამოუსადეგარი და გადასაგდებად გამზადებული ნივთებით მარტივად შეგიძლიათ, რომ ცხოველებს დაეხმაროთ და ყოველდღიურობა გაუხალისოთ.

ნახეთ, როგორ ერთობიან თბილისის ზოოპარკის დათვები თქვენი ნაჩუქარი ჩიჩილაკებით