ჰარი პოტერის ვარსკვლავი, რუპერტ გრინტი, თავისი და სერიის შემქმნელის, ჯოან როულინგის, ურთიერთობაზე საუბრობს. გამოცემა The Times-ის რუბრიკაში "რა ვისწავლე" გრინტი ამბობს, რომ პოტერიადის შემქმნელს თავის დეიდად მიიჩნევს.

"აუცილებელი არაა, რომ ყველაფერს ვეთანხმებოდე, რასაც დეიდაჩემი ამბობს, მაგრამ ის ხომ მაინც დეიდაჩემია", — აღნიშნავს გრინტი, — "რთული ამბავია".

რონ უისლის როლის შემსრულებელი მსახიობი დასძენს, რომ "თავის ცხოვრებას ჰარი პოტერის ფილმებით ზომავს".

"ეს ფილმები შესისხლხორცებული მაქვს, ამიტომ, ჩემი თავის რონისგან განცალკევება მიჭირს, ჩვენ ერთ პიროვნებად ვიქეცით", — ამბობს გრინტი, — "ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი 20 წლის წინ დაიწყო. ამან ნამდვილად განსაზღვრა, თუ ვინ ვარ დღეს".

მსახიობის თქმით, დენიელ რედკლიფსა და ემა უოტსონს მაინცდამაინც ხშირად არ ხვდება, ამიტომ საიუბილეო გადაცემა, რომელიც იანვრის დასაწყისში გამოვიდა, "ძალიან ნოსტალგიური" იყო.

ჰარი პოტერის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავმა სპეციალურმა ეპიზოდმა, ჰოგვორტსში დაბრუნება, პოტერიადის ფილმების მსახიობები და მათ შექმნაზე მომუშავე სხვა ადამიანები გააერთიანა, თუმცა, მასში როულინგი მხოლოდ არქივიდან ამოღებული რამდენიმეწამიანი მასალით აჩვენეს.

რა ხდება როულინგის თავს

იმის მიუხედავად, რომ ჰარი პოტერი წლების შემდეგაც რჩება ფანების საყვარელ ისტორიად, ბოლო წლებში საგის ავტორი, ჯოან როულინგი, კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გაეხვა. მიზეზი დიდწილად მისი შეხედულებები გახდა — მწერალი ბევრჯერ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში.

თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — გამო დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა". ბოლოს, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს.

კრიტიკამ კი სხვადასხვაგვარი ფორმა მიიღო — ტიკტოკის მომხმარებლები ჰარი პოტერის წიგნებსაც კი წვავდნენ. რამდენიმე კვირის წინ როულინგმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ თავისი სახლის მისამართი "სამმა აქტივისტმა" გაასაჯაროვა. ეს ფაქტი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ და შოტლანდიის პოლიციამ აღკვეთეს, თუმცა, მწერლის თქმით, მან სიკვდილის მუქარებიც კი მიიღო.

მწერლისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.

ცოტა ხნის წინ როულინგმა ტვიტერზე სტატიაა გააზიარა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "პოლიცია კაცის გენიტალიების მქონე გამაუპატიურებელს ქალად აღნიშნავს, თუკი თავდამსხმელი საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს".

"ომი მშვიდობაა. თავისუფლება ტყვეობაა. უგუნურება ძალაა. პენისიანი ინდივიდი, რომელმაც გაგაუპატიურა, ქალია", — დაწერა მწერალმა ტვიტში.

ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.