სწრაფი კვების რესტორანი ენდორფინი ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს და რიყის დოქების 1 ლარად გადაცემას სთხოვს. კომპანია ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას სახელზე გაგზავნილ წერილს ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

წერილში ვკითხულობთ, რომ კომპანიას სურს რიყის დოქების სივრცეში შექმნას ისეთი დაწესებულება, რომელიც საქართველოს კუთხეების კულინარიულ კულტურებს გააერთიანებს.

"ჩვენ შპს "ენდორფინი" მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა და დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას, რომ საქართველოში ტურისტებისათვის ერთ-ერთი მთავარი ჩამოსვლის მიზეზად ქართული სამზარეულო გახდეს.

გვაქვს დიდი იმედი, რომ გადაწყვეტილება არ იქება ნაჩქარევი და იქნება სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული, რაც ნიშნავს ჩვენთვის "რიყის დოქების" 1 ლარად გადმოცემას, შპს "ენდორფინის" საკუთრებაში", — წერია წერილში.

ფოტო: Facebook

On.ge ენდორფინის ერთ-ერთ დამფუძნებელს მამუკა მარგიშვილს ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ თუ სამინისტრო 1 ლარად გადასცემს დოქებს, კომპანიას დიდი თანხის ჩადება დასჭირდება, რადგან ბევრი რამ ექნებათ გასაკეთებელი. მისი თქმით, არ ელოდა საზოგადოების მხრიდან უარყოფით გამოხმაურებას, თუმცა იმედი აქვს, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამ წინადადებას მიიღებს.

"უნდა მოგვცენ, აბა რაში იყენებენ? ჩვენ სერიოზული გეგმა გვაქვს, არ შეიძლება, რომ არ მოგვცენ, აქეთ უნდა შეგვხვეწნოდნენ. საზოგადოებაში გამოხმაურება იყო უარყოფითი, ამის მოლოდინი არ მქონდა, რომ გამოხმაურება იქნებოდა ასეთი ცუდი. იქ ჩვენ ფული უნდა დავხარჯოთ. რა იფიქრეს, რომ ერთ ლარად რომ მოგვყიდიან, შემდეგ ჩვენ ის უნდა გავყიდოთ? ვერ ხვდებიან, ჩვენ იქ რამდენი ფული უნდა დავხარჯოთ. იმედია ეკონომიკის სამინისტროც ასე არ მიუდგება", — გვითხრა მამუკა მარგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ რიყის დოქები გასაყიდად 5-ჯერ გაიტანა, თუმცა ყველა აუქციონი უშედეგოდ დასრულდა. სამინისტრო რიყის დოქებს თავაპირველად 71,25 მილიონად, ხოლო ბოლო აუქციონზე 30 მილიონ ლარად აფასებდა.