თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქეთევან მესხიშვილი აცხადებს, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ შავი კამპანია მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ კამპანიამ შესაძლოა მისი კოლეგა სხვა მოსამართლეები დააზიანოს.

"ვინც მიცნობს მე და იცნობს ჩემს ოჯახს, რთულად დაიჯერებს იმ წარმოუდგენელ შავ კამპანიას, რაც ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ მიმდინარეობს. დღესაც არაფერს ვიტყოდი, რომ არა უკვე რისკი იმისა, რომ აღნიშნულმა კამპანიამ ჩემი კოლეგები შეიძლება დააზიანოს.

ჩემი მეუღლე ნამდვილად მუშაობდა 2012 წლამდე საჯარო სამსახურში. მან 10 წლის წინ, დატოვა საჯარო სამსახური და მას შემდეგ არანაირი შეხება საჯარო სამსახურთან და პოლიტიკასთან არ ჰქონია, არანაირი! ჩემი ოჯახი მეგობრებს პოლიტიკური ნიშნით არ ირჩევს და არც პოლიტიკური ნიშნით წყვეტს მათთან ურთიერთობას", — წერს მესხიშვილი.

მოსამართლე მის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას მართლმსაჯულების პროცესის, საერთაშორისო პარტნიორების დაუსაბუთებელ კრიტიკისა და კანონში მოსამართლეთა თავისუფლების წინააღმდეგ ცვლილებების შესახებ საჯარო პოზიციების დაფიქსირებას უკავშირებს. მესხიშვილი ფეისბუქპოსტში წერს, რომ მას პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს და არც არასდროს ჰქონია.

"არანაირი შეხება პოლიტიკასთან არ მაქვს მე, არანაირი, და არც არასდროს მქონია! ცილისმწამებლური კამპანიის დამკვეთებმა იციან ეს! ასევე ისიც იციან, რომ გარიგებებს არასოდეს დავთანხმდები, თან არანაირს, არანაირ ფასად! შესაბამისად, ჩემთვის დაბრალება იმისა, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ვარ გარიგებაში, გარდა იმისა, რომ საფუძველს მოკლებულია, ამორალურია! მართლმსაჯულებაში ნებისმიერი აქტორის მიერ პოლიტიკის შემოტანა, სამართლებრივი სახელმწიფოს ყველა ფუძემდებლურ პრინციპს ეწინააღმდეგება, ჩემთვის პიროვნულად კი, აღნიშნული დაშვება მიუღებელი და წარმოუდგენელია!

მთელი ეს აურზაური ჩემი და ჩემი კოლეგების საჯარო პოზიციას უკავშირდება. პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების ადმინისტრირებაში უფრო დემოკრატიული პროცესები უნდა წარიმართოს, საერთაშორისო პარტნიორები დაუსაბუთებლად არ უნდა გავაკრიტიკოთ და კანონში მოსამართლეთა თავისუფლების წინააღმდეგ ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს. ჩემი და ჩემი კოლეგების მიმართ გაკეთებული განცხადებები და დაკვეთილი ცილისმწამებლური კამპანიები, სხვა არაფერია, თუ არა ზეწოლა განსხვავებულ აზრზე", — წერს მოსამართლე.

ქეთევან მესხიშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებს საჯაროდ და კრიტიკულად აფასებენ. მესხიშვილი გაემიჯნა მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას ელჩებთან დაკავშირებითაც, სადაც ნათქვამი იყო, რომ საერთაშორისო პარტნიორების შეფასებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი მოსამართლის არჩევასთან დაკავშირებით გადაჭარბებული, დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია.