ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსის მონაწილე, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ კრიტიკა მისაღებია იმ შეთხვევაში, თუ იგი კონსტრუქციული და გაუმჯობესებაზე ორიენტირებულია. ასე პასუხობს ის მისი და ცესკოს მიმართ კრიტიკის შესახებ დასმულ კითხვას.

"წყალზე რომ გაიარო, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ცურვა არ იცოდაო. შესაბამისად, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, ყოველთვის არსებობს კრიტიკა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ეს კრიტიკა უნდა იყოს კონსტრუქციული, ეს კრიტიკა უნდა იყოს ჯანსაღი, ეს კრიტიკა უნდა იყოს კონკრეტული პროცესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული [...] ვიყავი ყოველთვის ღია, ვარ და ვიქნები ღია ყველა კონსტრუქციული ფორმის თანამშორმლობაზე", — განაცხადა კალანდარიშვილმა.

ის ფიქრობს, რომ აქვს საკმარისი გამოცდილება და მიღწევები იმისთვის, რომ ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე მისი კანდიდატურა პარლამენტმაც განიხილოს.

"ის გამოცდილება, ის მიღწევები, რომელიც ადმინისტრაციას ჩემი ხელმძღვანელობის დროს, ამ მოკლე პერიოდში ჰქონდა, არის ზუსტად პასუხი იმისა, თუ რატომ უნდა ვიყო იმ კანდიდატებს შორის, რომელიც გადაიგზავნება პარლამენტში", — ამბობს კალანდარიშვილი.

გიორგი კალანდარიშვილია ერთ-ერთია ვინც შესაბამისმა კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა. ახლა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვის წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელმაც, საბოლოოდ, უნდა დაამტკიცოს ცესკოს თავმჯდომარე. გიორგი კალანდარიშვილის გარდა თავმჯდომარეობის კანდიდატები არიან თამაზ ფოლადაშვილი და თენგიზ თევზაძე.

გაიგე მეტი: