როგორც ჩანს, ჯიმ კერი ასაკის მატებასთან ერთად იუმორს ნამდვილად არ კარგავს და მსახიობმა 60 წლის იუბილე სახალისო ვიდეოთი აღნიშნა. "დღეს ჩემი დაბადების დღეა. დავბერდი, მაგრამ შეუცვლელი ვარ. ყველა მიყვარხართ. მე 60 წლის ვარ და ისევ სექსუალური", — ამბობს ჯიმ კერი ვიდეოში მოხუცი კაცის ხმით.

ჯიმ კერიმ მილოცვები ცნობილი ადამიანებისგან და ახლო მეგობრებისგან მიიღო. მათ შორის იყო ბიონსე და ქერი ელვისი, რომელმაც აღნიშნა, რომ "კერი ყველაზე მხიარული ბიჭია, რომელსაც იცნობს".

ჯიმ კერიმ მაყურებლების სიყვარული მაშინ მოიპოვა, როცა 1990-იანი წლების დასაწყისში კომედიურ სერიალში, სახელად Living Color, მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი კერიმ ისეთ კომედიურ ფილმებში ითამაშა მთავარი როლი, როგორებიცაა Dumb and Dumber, The Mask და Ace Ventura: Pet Detective. კერი დრამატულ როლებსაც განასახიერებდა და მაყურებლისთვის Eternal Sunshine of the Spotless Mind მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფილმია, რომელშიც მსახიობი ქეით უინსლეტთან ერთად მონაწილეობს.

ჯიმ კერიმ განაცხადა, რომ ბოლო დროს ხატვით არის გატაცებული. "სამსახიობო ბიზნესში ყოფნა უბრალოდ აღარ მინდა", — განაცხადა მსახიობმა 2018 წელს. "არ მომწონდა, რაც ხდებოდა და როგორ ცდილობდნენ კორპორაციები ყველაფრის ხელში ჩაგდებას. შესაძლოა, ამიტომ ვგრძნობდი მიზიდულობას სხვა შემოქმედებითი საქმიანობისკენ და ეს მხატვრობა იყო, რომელშიც არ არსებობს კორპორაცია და იდეებშიც თავისუფალი ვარ", — დასძინა მსახიობმა.