სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს ყოფილმა თანამშრომლებმა, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ ფრესკოს მარკეტების გასახდელების დიდ ნაწილში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები.

მათი თქმით, თანამშრომლები ვალდებულები არიან სამსახურში შესვლისას ტანსაცმელი გამოიცვალონ და უნიფორმა ჩაიცვან. ისინი ამბობენ, რომ ადმინისტრაცია კამერების არსებობის ფაქტს ორი მიზეზით ამართლებს - ხომ არ იპარავს თანამშრომელი პროდუქტს და აცვია თუ არა მას უნიფორმა.

როგორც პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, სუპერმარკეტების ქსელის გასახდელების უმეტეს ნაწილში კამერა აყენია მხოლოდ ქალების განყოფილებაში:

"ვიდეო მასალაზე წვდომა აქვს ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, (მამაკაცებს და ქალებს) ასევე აღსანიშნავია, რომ დაცვისთვის განკუთვნილ ოთხში, სადაც ხდება კამერების მუდმივი მონიტორინგი, ხშირად შედიან მამაკაცები. თანამშრომელ ქალებს არაერთხელ გაუგიათ საგანგებოდ დაკეტილი დაცვის ოთახიდან სიცილის ხმები, მაშინ როდესაც გასახდელებით გოგოები სარგებლობდნენ".

გასახდელების თვალთვალის და ვიდეო კადრების ხელმისაწვდომობას ადასტურებენ ფრესკოს დაცვის ყოფილი თანამშრომლებიც.

პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ფრესკოს ყოფილი თანამშრომლები ყვებიან, რომ ყველაზე ხშირად ამ ოთახში ორი კაცი, დაცვის უფროსი დავით ბულია და მისი მოადგილე ალექსანდრე ქაჩიბაია, შედიოდნენ, რომლებიც პირად საუბრებში უდასტურებდნენ თანამშრომლებს, რომ მაღაზიების ფილიალების ყველა დარბაზის და ასევე გასახდელების მონიტორინგი დაცვის ხელმძღვანელების ადგილზე არყოფნის დროს - საცხოვრებელი ბინებიდანაც ხდებოდა.

როგორც პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი თებერვალში, ფრესკოში აგორებული საპროტესტო ტალღის შემდეგ, ფილიალის უკლებლივ ყველა თანამშრომელს ადმინისტრაციამ ხელფასის 20-დან 50%-მდე ჩამოაჭრა და აღნიშნული ქმედება იმით ახსნა, რომ ქსელში პროდუქტის დანაკლისი დაფიქსირდა.

On.ge ფრესკოს კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.