პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იურისტის, ანა აბაშიძის განცხადებით, მოიგეს საქმე, რომლიც მიხედვითაც, სათანადო სერვისების მიწოდებამდე, სრულწლოვანი შშმ პირისთვის პერსონალური ასისტენტის მომსახურება გაგრძელდება. როგორც მან On.ge-ს განუცხადა, ამ კონკრეტულ საქმეზე ეს დრო 18 საათით განისაზღვრა.

მისი თქმით, ბავშვი, რომელსაც იცავდნენ, 20 იანვარს სრულწლოვანი ხდება, რის შემდეგაც, ყოველგვარი სერვისის გარეშე დარჩებოდა, რადგან სრულწლოვანი შშმ ადამიანებისთვის სახელმწიფოს შესაბამისი მომსახურებები არ აქვს.

"ამ წუთას ის ჩართულია შინმოვლის ქვეპროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მას დანიშნული ჰყავს პერსონალური ასისტენტები 18 საათის განმავლობაში დღე-ღამეში, მაგრამ რადგან შინ მოვლის ქვეპროგრამა საერთოდ არ არსებობს სრულწლოვანი ადამიანებისთვის, ბავშვი 20 იანვრის შემდეგ, პრაქტიკულად, ყოველგვარი მომსახურების გარეშე რჩებოდა.

ამის ალტერნატივა სახელმწიფოს გააჩნია დიდი ზომის ბავშვთა სახლები და ფსიქიატრიული. არცერთი ადგილი არ აკმაყოფილებს ბავშვის საჭიროებებს და რეალურად, დაუშვებელია ამ დაწესებულებაში ბავშვი ცხოვრობდეს და დროს ატარებდეს", — აღნიშნავს ის.

იურისტის განცხადებით, საქმეში ითხოვდნენ, რომ ბავშვთან 20 იანვრის შემდეგაც შენარჩუნებულიყო მომსახურება, რომელსაც დღეს იღებს, მათ შორის, პერსონალური ასისტენტები და თერაპევტები.

"დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს უთხრა, მანამ გაუწიეთ ეს მომსახურება, სანამ თქვენ არ შექმნით სრულწლოვან შშმ პირზე ორიენტირებულ სათანადო პროგრამებს. ამით, რეალურად, ახალი მოწესრიგება გააკეთა შშმ სრულწლოვანი ადამიანის შემთხვევაში", — განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ერთ კონკრეტულ ბავშვს მიემართება, თუმცა მნიშვნელოვანი პრეცედენტია და იმას ნიშნავს, რომ ყველა სხვა ბავშვთან, რომელიც მალე სრულწლოვანი გახდება და პროგრამების გარეშე რჩება, განხორციელდება იგივე, თუ ისინი სასამართლოსთან მიმართვის უფლებას გამოიყენებენ. ამასთან, როგორც აბაშიძემ აღნიშნა, 18-საათიანი მომსახურება მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაწესდა და სხვებთან მიმართებაში, ეს საათები ინდივიდუალურ უნდა განისაზღვროს.