პრინცი ჰარი მოითხოვს, გაერთიანებულ სამეფოში ყოფნისას სახელმწიფო დაცვის ხარჯების ანაზღაურების შესაძლებლობა მიეცეს. პასუხისმგებელმა სამსახურმა ბრიტანეთში ჰარის წინადადებაზე უკვე განუცხადა უარი, თუმცა, სამეფო ოჯახის წევრი გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს.

აშშ-ში მცხოვრები სასექსის ჰერცოგი აცხადებს, რომ თავისი კერძო დაცვა საზღვარგარეთ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებას შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს, რადგან ის ადგილობრივ სადაზვერვო და სამართლებრივ სისტემაზეა მორგებული.

პრინცმა ჰარიმ და თავისმა ცოლმა, მეგან მარკლმა, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული დაცვით უზრუნველყოფის უფლება 2020 წელს დაკარგეს, როცა თავიანთ სამეფო ვალდებულებებზე უარი თქვეს.

სასექსის ჰერცოგი ახლა ამბობს, რომ თავის ოჯახთან ერთად შინ სტუმრად დაბრუნება სურს, რისთვისაც მნიშვნელოვანია, მათი უსაფრთხოება უზრუნველყოს. თუმცა, როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, ჰარის არ უნდა, სახელმწიფო დაცვით "გადასახადების გადამხდელების ხარჯზე" ისარგებლოს. ამის მიუხედავად, მისთვის უსაფრთხოების მაღალ დონეზე უზრუნველყოფა აუცილებელია, რადგან "ტახტის პრეტენდენტებში სამეფო ოჯახის რიგით მეექვსე წევრი" საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს — განსაკუთრებით მაშინ, როცა ბრიტანეთის სამეფო ოჯახი "ბოლო წლებში არაერთხელ გამხდარა ნეონაცისტური და ექსტრემისტული ჯგუფების სამიზნე".

აშშ-ში მცხოვრებ სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას რამდენიმე თვის წინ მეორე შვილი, ლილიბეთი, ეყოლათ, რომელიც თავის დიდ ბებიას, დედოფალ ელიზაბეთსა და სამეფო ოჯახის სხვა წევრებს ჯერ არ შეხვედრია.