თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილება გააუქმა.

"ღია სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის (აუდიო, ფოტო და ვიდეო მასალა) გამოქვეყნება მოხდა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების (სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა) დასაცავად. შესაბამისად, სახეზე არ არის პერსონალური მონაცემების კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავების ფაქტი", — ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

11 იანვარს სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროს დაჯარიმების გადაწყვეტილებაც გააუქმა.

7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო დააჯარიმა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კვების რაციონის შესახებ ინფორმაციის, "საკვების" მიღების და რუსთავის ციხის დატოვების კადრების გავრცელების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ.