ვიდეოგაზიარების აპლიკაცია TikTok-მა ბოლო ორი წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო მოიცვა. ეს ერთგვარი სოციალური ქსელი, რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდა, თუმცა, განსაკუთრებული პოპულარობა პანდემიის გამო იზოლაციაში აღმოჩენილ ადამიანებში მოიპოვა. ტიკტოკზე მრავალფეროვანი კონტენტია განთავსებული, თუმცა, ალგორითმი, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას ეყრდნობა, უმეტესად თქვენთვის საინტერესო თემებზე გაჩვენებთ ვიდეოებს. სწორედ აქ დგება მნიშვნელოვანი საკითხი დღის წესრიგში — დრო, რომელსაც ტიკტოკზე "სქროლვაში" ვატარებთ.

პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მხედველობაში მივიღოთ, რომ პლატფორმაზე მომხმარებელთა დიდი ნაწილი მოზარდია. Mayo Clinic-ის ცნობით, სოციალურ ქსელში დიდი დროის გატარება გავლენას ახდენს ძილის რეჟიმზე და მოზარდებს ხშირად უქმნის მცდარ წარმოდგენას სხვა ადამიანების ცხოვრებაზე. ეს მომხმარებელს საკუთარ ცხოვრებას ცუდი კუთხით ანახვებს, რამაც შესაძლოა შფოთვა და დეპრესიაც კი გამოიწვიოს.

ტიკტოკზე ხშირად შეხვდებით ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ ისეთ კონტენტსაც, რომელიც მათ თვითშეფასებაზე, სხეულის პოზიტიურად აღქმაზე და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე აწვდის ინფორმაციას, თუმცა, მათგან მიღებული სარგებელი შეიძლება ასევე სათუო იყოს. მით უმეტეს, რომ ეგრეთ წოდებული ინფლუენსერების შექმნილმა კონტენტმა შეიძლება თვითშეფასება დაუქვეითოს მათ, ვინც მსგავსი პოპულარობით ვერ სარგებლობს.

ფოტო: ByteDance

ტიკტოკის მომხმარებელთა კომუნიკაციაში ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ბულინგია. პლატფორმაზე უამრავი ყალბი ანგარიში არსებობს, ერთ ტროლს კი დროის მოკლე ხანშიც კი სხვადასხვა ვიდეოზე ბევრი შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი კომენტარის დაწერა შეუძლია.

გარდა ამისა, დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, მოკლე დროში დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღება (რაც ტიკტოკის ერთ-ერთი მახასიათებელია), კონცენტრაციის უნარს აუარესებს. The Science Times-ის ცნობით, მათ, ვინც ტიკტოკზე 90 წუთზე მეტ დროს ატარებს, დროთა განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვნად დაუქვეითდეთ კონცენტრაციისა და ყურადღების მოკრების უნარები.

ტიკტოკი, რასაკვირველია, ბევრ საინტერესო, სასარგებლო და თავშესაქცევ კონტენტს მოიცავს, თუმცა, მნიშვნელოვანია, მისთვის დათმობილი დრო გააკონტროლოთ და სოციალური ქსელების მოხმარების ის გამოცდილი გზები გამოიყენოთ, რომლებიც ვირტუალური სამყაროს ნეგატიური გავლენისგან თავის დაცვაში დაგეხმარებათ.

Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლობიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლობიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.