ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი კოვიდგადატანილებისთვის უვადო მწვანე პასპორტთან დაკავშირებით, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ უვადო პასპორტს არც NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და არც მისი მოადგილე პაატა იმნაძე ეთანხმებიან, რადგან მეორედ ინფიცირების შემთხვევები გახშირდა, აზარაშვილი ამბობს, რომ ომიკრონის შტამი "დასუსტებულია" და მკურნალობის პროცესში "პრობლემა არ შეიქმნება".

"ომიკრონის შემთხვევაში, ეს მიმდინარეობს საკმაოდ მსუბუქად და ის მობილიზებული მედიკოსები თუ საწოლფონდი არის გაცილებით მეტი, ვიდრე შეიძლება თეორიულად დაგვჭირდეს. ეს შტამი ისეთი დასუსტებულია, რომ მეორედ პრობლემა არ შეიქმნება მკურნალობის პროცესში [...] ჩვენ ვართ თავდაჯერებული იმაში, რომ ამ ავადმყოფებ ბინაზეც ვუმკურნალებთ, ჰისპიტალშიც ვუმკურნალებთ და ყველა შესაძლებლობა გვაქვს ადგილზე. ამ მხრივ, რეგულაციების გამკაცრების საჭიროებას ვერ ვხედავ", — განაცხადა მან.

საქართველოში მწვანე პასპორტები პირველ დეკემბერს ამოქმედდა. ქვეყანაში 2 აპლიკაცია მუშაობს მწვანე პასპორტის ასაღებად და შესაბამისად, ორი ტიპის მწვანე საშვი გვაქვს. ერთს ევროკავშირი აღიარებს და ამ აპლიკაციით მწვანე პასპორტს ვერ აიღებენ ისინი, ვინც კორონავირუსი 6 თვეზე მეტი ხნის წინ გადაიტანა. სწორედ ამიტომ შეიქმნა მეორე აპლიკაცია, სადაც იმ პირების კოდებიც ჩანს, ვისაც კორონავირუსი დიდი ხნის წინ აქვს გადატანილი.

ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი კორონაგადატანილებისთვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა.

გაიგეთ მეტი: