ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალური აგენტების ხელფასები "ადეკვატურია". ის ამას იმით ხსნის, რომ ჯამურად, კომპენსაციის ჩათვლით, მათ ფიქსირებულზე 2-ჯერ მეტი ხელფასის აღება შეუძლიათ.

"სოც. აგენტებს რაც შეეხება, მათი ხელფასის განხილვა მიდიოდა რამდენიმე თვის განმავლობაში და მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და იმ სამუშაო დღიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ წინა კვირაში მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება და ზოგიერთ შემთხვევაში, 60%-იანი მატებაც არის ხელფასის და ხელფასის გარდა, კიდევ შეგიძლიათ, გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ის შემოსავალიც თითოეულ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10- ლარამდე გავზარდოთ.

ანუ, ჯამურად, მე გეტყვით რა არის მოცემულობა და აქედან გამომდინარე, მიხვდებით, არის თუ არა ეს ადეკვატური. აქედან ჯამურად, შეუძლიათ, კომპენსაციის ჩათვლით, თითქმის 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ, რაც არის ფიქსირებული, იმასთან შედარებით და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ დღევანდელი რეალობისთვის, მათი დატვირთულობიდან გამომდინარე, ეს ხელფასი არის ადეკვატური", — აღნიშნა მან.

14 იანვარს სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა ჯანდაცვის სამინისტროში ოფიციალური განცხადება ჩააბარეს, რომლის მიხევდითაც, დღეიდან, 17 იანვრიდან იფიცებიან. მათი ინფორმაციით, სამინისტროსთან რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

თანამშრომელთა გაფიცვამდე ერთი დღით ადრე, სოციალური მომსახურების სააგენტომ თანამშრომელთა ხელფასების ზრდა დააანონსა. უწყებაში აცხადებენ, რომ მომდევნო თვიდან სოციალური აგენტის ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება. მოგვიანებით, უწყებას სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა უპასუხეს და განაცხადეს, რომ მაინც გაიფიცებოდნენ.