აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 18 იანვარს დედამიწას 1 კილომეტრი სიგანის მქონე ასტეროიდი 76 192 კმ/სთ სიჩქარით მოუახლოვდება. აღსანიშნავია, რომ ასტეროიდი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ჩვენს პლანეტასა და მას შორის მანძილი 1.93 მილიონი კილომეტრი იქნება. ასტეროიდის გადაადგილებისთვის თვალის მიდევნება კი ნებისმიერ ჩვენგანს, პლატფორმაზე Eyes On Asteroids შეუძლია. ამ საიტზე დედამიწასთან მოახლოებული ასტეროიდის მოძებნა 1994 PC1 სახელით, ან 7482-ით შეგიძლიათ. ეს ბმული კი პირდაპირ ამ ასტეროიდის ადგილმდებარეობასა და მახასიათებლებთან მიგიყვანთ.

ამის შესახებ Nasa Asteroid Watch ტვიტერზეც წერს:

Eyes On Asteroids ნებისმიერ მსურველს არა მხოლოდ PC1-ზე დაკვირვების საშუალებას აძლევს. ამ პლატფორმაზე ჩვენს მზის სისტემაში არსებული ყველა ასტეროიდის გადაადგილებისთვის თუ პარამეტრებისთვის შეგვიძლია თვალის მიდევნება.

რაც შეეხება PC1-ს, ის ავსტრალიელმა ასტრონომმა, რობერტ მაკნოტმა 1994 წელს, საიდინგ სპრინგის ობსერვატორიიდან აღმოაჩინა. მზის გარშემო საკუთარ ორბიტაზე გადაადგილებას ის 1.57 წელს ანდომებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კოსმოსური სხეული დაახლოებით 30 წელში ერთხელ გვსტუმრობს.

18 იანვარს ის დედამიწასთან იმაზე ახლოს მოვა, ვიდრე მომდევნო 200 წელში. 1.93 მილიონი კილომეტრი, შესაძლოა, დიდად მოგვეჩვენოს, თუმცა ასტრონომიული მასშტაბების გათვალისწინებით, ეს ასე არაა. სწორედ ამიტომ, მეცნიერები მსგავს ობიექტებს მუდმივად აკვირდებიან, რათა ნებისმიერი მოსალოდნელი საშიშროება წინასწარ გათვალონ.