ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სანატორიუმ ქართლში მომხდარი ფაქტი "უბედური შემთხვევაა" და არ უნდა დაუკავშირონ დევნილთა პრობლემებს. მისი თქმით, გამოძიება უკვე დაიწყო და ყველა უნდა დაელოდოს შედეგს.

"პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს რამე კავშირში შეიძლება, იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ხოლო რაც შეეხება სანატორიუმ ქართლში და სხვა დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, ჩემი სამინისტროში მისვლის პირველივე დღიდანვე იმართება კონსულტაციები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ დევნილები. ის პრიორიტეტები, რაც გვაქვს დასახული მომდევნო 3 წლის განმავლობაში, 13 000 ოჯახი უზრუნველვყოთ ბინით. ზუსტად ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს და რა გეგმებს მივყვეთ. პერიოდულად დევნილებს გეცნობებათ ამ პროცესის მიმდინარე სტატუსი და დათქმულ ვადებში უზრუნველვყოფთ ამ ყველაფერს.

გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიებას დაველოდოთ ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან", — თქვა აზარაშვილმა.

16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის მიზეზი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობაა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითავალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ცხედრის ექსპერტიზაზე გადატანის უფლებას.