დეპუტატი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის სამინისტროს შეხვედრას და სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილების პრობლემების მოგვარებაზე ერთობლივ მუშაობას სთავაზობს. ხოშტარიას ინფორმაციით, შეთავაზება მან თავად დევნილებთან შეათანხმა.

"გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ "ქართლის" დევნილების საკითხი. ნებისმიერ დროს, მე, გიგა ლემონჯავა (იურისტი) და დევნილების წარმომადგენელი მოვალთ და მოვაგვაროთ. თუ პოლიტიკოსის დანახვა თქვენთვის მიუღებელია, იურისტი და დევნილები მოვლენ. ოღონდ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს", — აცხადებს ხოშტარია.

ხოშტარიას თქმით, მისი თვითმიზანია საკითხის გადაწყვეტაა და არა აქციის ჩატარება, თუმცა თუ უწყება ამ შეთავაზებას არ დათანხმდება "ცხადია იქნება აქცია".

"თუ ასე არ მოგვარდა, ცხადია იქნება აქცია და არ გავჩერდებით. მხოლოდ ქართლის აქცია არ იქნება. უკვე უამრავი დევნილი და არადევნილი რეკავს სოლიდარობის ნიშნად. ამ საკითხში არ არის თვითმიზანი აქცია, ამიტომ გთავაზობთ ცივილიზებულ გამოსავალს. შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად", — წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ის სახურავიდან გადმოხტა და თვითმკვლელობის მიზეზი მათი მოთხოვნების შეუსრულებლობაა. სანატორიუმის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელ პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, შენობა ავარიულია და საცხოვრებლად საშიში. რამდენიმე კვირაა პასუხისმგებელ პირებთან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა საქმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივები სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ცხედრის ექსპერტიზაზე გადატანის უფლებას.

გაიგე მეტი: