თანამშრომელთა გაფიცვამდე ერთი დღით ადრე, სოციალური მომსახურების სააგენტო გაცხადებას ავრცელებს და თანამშრომელთა ხელფასების ზრდას თებერვლიდან აანონსებს.

"ბოლო თვეების განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში გამართული აქტიური კონსულტაციების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60% -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი — 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი.

ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს შრომის ანაზღაურება 40%-დან 60%-მდე გაეზრდება", — ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხვალიდან, 17 იანვრიდან, სააგენტოს 390 თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში მათ 14 იანვარს შეიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მედიაციის პროცესი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს მიემართათ პროტესტის ამგვარი ფორმისთვის.

გაიგე მეტი: