სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის თანამშრომლები 2019-2020 წლებში მანქანებში ავზის მოცულობაზე მეტ საწვავს ასხამდნენ. უწყებამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში წარმოადგინა, სადაც წერია, რომ ამ პერიოდში საწვავში მუნიციპალიტეტმა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, 601,2 ათასი დახარჯა.

"აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ავტომობილებზე საწვავის ხარჯვის დოკუმენტაცია, მათ შორის აგაი სისტემის მონაცემები. გამოიკვეთა, რომ რიგ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ერთჯერადად ჩასხმულია ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი. კერძოდ, გამოვლინდა 44 ავტომანქანაზე ავტომობილის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით საწვავის ჩასხმის 863 შემთხვევა. ავტომანქანებზე ჯამურად სულ ჩასხმულია 145,1 ათასი ლარის ღირებულების, 71 908 ლიტრი საწვავი", — აცხადებენ აუდიტში.

მათივე განმარტებით, აგაი სისტემა არის საშუალება, რომლის გამოყენებით ავტორიზებული მანქანის ავზზე მონტაჟდება სპეციალური ჩიპი და ის ახდენს მანქანის იდენტიფიცირებას ბენზინგასამართ სადგურზე. გარდა ამისა, აუდიტის სამსახური დასძენს, რომ დათვლილია მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ავზზე ხუთი და მეტი ლიტრის ზევით არის ჩასხმული საწვავი.

"ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი საწვავის ჩასხმა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ჩიპი მოხსნილია და მიმაგრებულია სხვა ავტომობილის ავზზე ან/და სხვა სახის რეზერვუარზე", — აცხადებენ უწყებაში.

ფოტო: აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში გამოიკვეთა დროის მცირე მონაკვეთში არაერთგზის და ავზის მოცულობასთან შედარებით შეუსაბამოდ მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები.

ფოტო: აუდიტის სამსახური

"მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები. გამოვლინდა, რომ "აგაი" სისტემის ჩიპი მყარად არ იყო დამაგრებული 11 ავტომანქანაზე, მოხსნილი იყო 6 მანქანაზე, აქედან 4 ჩიპის ადგილმდებარეობა პასუხისმგებელი პირების მიერ ვერ დადგინდა. შესაბამისად, "აგაი" სისტემის ჩიპის გამოყენება შესაძლებელი იყო სხვა მანქანებზეც. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმისა და მისი არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს", — აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი ხარვეზები წინ აუდიტის პერიოდშიც გამოვლინდა, თუმცა მერიამ რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. უწყება ამბობს იმასაც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არ აქვს მიღებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმატიული აქტი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის თაობაზე.

მათივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, ნაცვლად 10 სამორიგეო მანქანისა, მუნიციპალიტეტი სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 22 სამორიგეო მანქანით და 169 კერძო საკუთრებაში არსებული ავტომობილით

"მერიაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივი ხარჯვის ეფექტიან კონტროლს. ასევე, აგაი სისტემის არსებული მეთოდით გამოყენება, მათ შორის, ავტომობილის ავზიდან დამაგრებული ჩიპის მოხსნისა და გადაადგილების შესაძლებლობა, ერთჯერადად ავტომობილების ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები, წარმოშობს არასამსახურებრივი ავტომობილების საწვავით გამართვის რისკებს", — აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

ამავე თემაზე: