ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ორშაბათიდან, 17 იანვრიდან მცირდება იზოლაციისა და კარანტინისთვის დაწესებული ვადები. როგორც გაბუნია განმარტავს, ეს გადაწყვეტილება სამინისტრომ საერთაშორისო რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

17 იანვრიდან იზოლაციისა და კარანტინის ვადები ასე განისაზღვრება:

  • ასიმპტომური მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე ნიღბის ტარება მკაცრად რეკომენდებულია;
  • საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, პლუს, სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაშიც, იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე აუცილებელია ნიღბის გამოყენება.

იზოლაციის ვადები მცირდება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც:

  • ვაქცინირებულები (როგორც ორი დოზით, ისე ბუსტერით ვაქცინირებული პირებისთვის) აცრიდან 90 დღის განმავლობაში კონტაქტის შემთხვევაშიც კი არ საშჭიროებენ კარანტინს.
  • კოვიდაგატანილ პირებისთვის, ინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე კარანტინში ყოფნა აუცილებელია კონტაქტიდან 10 დღის განმავლოაბში. ამ შემთხვევაშიც მკაცრი რეკომენდაციაა პირბადის ტარება.
  • რაც შეეხება არავაქცინირებულ პირებს, ისინი კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში, მე-9 - მე-12 დღის განმავლობაში კი აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადე.

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგი საკითხების დაზუსტება პროტოკოლის შესაცვლელად.