კოალიცია ღირსეული შრომის პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს სოციალური სააგენტოს 390 თანამშრომელს, რომლებიც ორშაბათიდან, 17 იანვრიდან გაფიცვას აპირებენ. გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, დააკმაყოფილოს სოციალური სააგენტოს თანამშრომელთა მოთხოვნები.

სააგენტოს თანამშრომელთა მოთხოვნები ძირითადად ანაზღაურებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხება: მათ სურთ ანაზღაურების გაზრდა 100%-მდე, ასევე, რეგიონულ განყოფილებებსა და თბლისის ცენტრებში ერთი და იგივე პოზიციებზე დასაქმებულთა ანაზღაურების გათანაბრება. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გაწეული ხარჯებს ანაზღაურებას და დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში, შესაბამისად, დამატებით ანაზღაურებას. სააგენტოს თანამშრომლებს, ასევე, სურთ ხელშეკრულებით განისაზღვროს ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის კურსის გათვალისწინებით. მოთხოვნები ეხება სააგენტოს ცენტრებში დასაქმებულ პირთა რაოდენობის ზრდას, რათა "არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება".

"სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული პირების მდგომარეობა უკიდურესად მოწყვლადია. ისინი დიდი ხანია საუბრობენ დაუცველ და მძიმე შრომით პირობებზე, მიზერულ ანაზღაურებასა და დარღვეულ შრომით უფლებებზე", — ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები:

  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC);
  • ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი — "სოლიდარობის ქსელი";
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება;
  • თბილისის მეტროპოლიტენის დამოუკიდებელი პროფკავშირი — "ერთობა 2013";

გაიგე მეტი: