საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებს ხშირად მომავლის დარგებად მოიხსენიებენ, თუმცა თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ბოლოდროინდელ ტემპებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ STEM უკვე დღევანდელობაა, ხოლო მისი პოპულარიზაცია — აუცილებელი.

სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებას ემსახურება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. 2014 წლიდან დღემდე, კონკურსმა 2000-მდე ახალგაზრდას მისცა ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების შესაძლებლობა, გაუზიარა ცოდნა, გამოცდილება, აუმაღლა მოტივაცია და დაეხმარა პარტნიორების მოძიებაში.

წელს პროექტს 11 ფინალისტი გუნდი ჰყავდა — ისინი პროექტებს კოსმოსისა და ავიაციის, რობოტექნიკის, მობილური ტექნოლოგიებისა და აპლიკაციების, განათლების, გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის თუ ტრანსპორტის მიმართულებით ავითარებენ. ეს გუნდები არიან BRAINS, Elves, W.A.T, Qminds, Memory Effect, ოთხი კიტრი, ხელმარჯვე ოსტატები, მწვანე მომავალი, SoSSer Group, იზოტოპები და Goal Digger. პირველ ადგილზე გასული გუნდი აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში იღებს მონაწილეობას. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, ასევე, მონაწილეობენ საერთაშორისო STEM პროექტებში, ხოლო სხვა ფინალისტი გუნდები სხვადასხვა პრიზით ჯილდოვდებიან.

აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, კონკურსის პარტნიორია თიბისი, რომლის ფინანსური მხარდაჭერით, გასულ წლებში გამარჯვებული გუნდები აშშ-ში გაემგზავრნენ და NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. თიბისი კონკურსის უცვლელი მხარდამჭერია წელსაც და იგი რჩეული გუნდისთვის სტიპენდიას აწესებს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი წელს, 12 იანვარს გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.

მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა Goal Digger-ს, შექმნა "რობოტი მასწავლებელი" - ინოვაციური ვირტუალური და რეალური რობოტი მასწავლებელი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც მასწავლებლის დამხმარე "კოლეგა". ის მოსწავლეს ასოების, ფერების, ფიგურების, პირობითი ნიშნების ათვისებაში ეხმარება.

მეორე ადგილზე გავიდა გუნდი Memory Effect, რომელმაც შექმნა "სმარტ კოსტუმი" ნითილონის ნივთიერების გამოყენებით. იგი ადამიანის სხეულის მოძრაობას აფიქსირებს და კიდურებს ნითინოლში დენის გატარების საშუალებით ამოძრავებს.

კონკურსის მთავარი პრიზი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს საზაფხულო ბანაკში გამგზავრება და პირველი ადგილი კი გუნდმა Elves-მა მოიპოვა. "ელფებმა" მიზნად ვირუსებთან ბრძოლა დაისახეს. მათი პროექტის ამოცანა დახურულ სივრცეში, ჰაერის ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სპორებისგან და მტვრის ნაწილაკებისგან გაწმენდაა. ამისათვის ისინი კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე ფუნქციონირებად ჰაერის იონიზატორს აწყობენ.

Elves-ის წევრის, მარიამ მიქაძის თქმით, კონკურსის განმავლობაში მისი და მისი თანაგუნდელების გამოცდილება ამაღლდა. "ჩვენი გუნდის წევრების უმრავლესობა ამ კონკურსზე მეორედ ან მესამედ მონაწილეობს და თითოეული ჩვენგანი გრძნობს იმას, რომ გამარჯვება ან მარცხი ძალიან სწორი ანალიზის გაკეთების უნარს გვაძლევს. ვხვდებით, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, როგორი მიმართულებით წავიდეთ. "ათასწლეულის" ამ უკანასკნელმა პროექტმაც იგივე დაგვანახა — ჩვენი გუნდი გაიზარდა, მოგვეცა საშუალება დავლაპარაკებოდით ჟიურის წევრებს, ათასწლეულის ფონდის თანამშრომლებს, წარგვედგინა ჩვენი პროექტი, მოგვესმინა მათი აზრი და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროექტი გვაძლევს ყველაფერს, რაც სჭირდება და უყვარს ინოვაციებით სავსე ახალგაზრდობას".

ერთ-ერთი ფინალისტი გუნდის — "ოთხი კიტრის" წევრი, ანანო ბარბაქაძე აღნიშნავს, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსმა მას და მის თანაგუნდელებს უდიდესი გამოცდილება შესძინა.

"კონკურსი ფინანსურადაც დაგვეხმარა, მხოლოდ ჩვენი ძალებით ამას ვერ გავაკეთებდით. მომავალში კი გვინდა განვვითარდეთ როგორც დეველოპერები, გავყვეთ ტექნოლოგიების დარგს და ამ მიზნების მისაღწევად ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი დიდი შესაძლებლობაა’, — ამბობს ანანო.

აღსანიშნავია, რომ "ოთხი კიტრის" ყველა წევრი გოგოა, რაც კარგი მაგალითია იმ გოგოებისა და ქალებისთვის, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლასა და დასაქმებაზე ფიქრობენ. გუნდი მუშაობს ვებ-აპლიკაციაზე "წამიკითხე", რომელიც მხედევლობადაქვეითებულ და უსინათლო პირებს სმარტფონის გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.მანანოს თქმით, აპლიკაცია ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა, მას მრავალი საინტერესო ფუნქცია შეიძლება დაემატოს და მისი განვითარება გუნდის მთავარი სამომავლო მიზანია.

კიდევ ერთი ფინალისტი გუნდი, რომელიც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს უდიდეს შესაძლებლობად მიიჩნევს, "იზოტოპებია". ისინი სერიული ელექტროშედუღების აპარატის ფუნქციების გაფართოებაზე მუშაობენ. აპარატი ინოვაციური, ეკონომიური და ხელმისაწვდომია და იგი მსხვილი მეტალებისა და წვრილი მეტალების შესადუღებლად გამოიყენება.

გუნდის წევრის, ნიკოლოზ კობრავას თქმით, მათ აქამდე ასეთ მასშტაბურ შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიუღიათ. "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსმა გუნდურობა გვასწავლა. ასევე დაგვანახა ის, რომ ერთხელ თუ არაფერი გამოგივა, არ უნდა დანებდე და აუცილებლად ხელახლა უნდა სცადო", — ამბობს ნიკოლოზი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.