"საქართველოს სამეფო სახლის" განცხადებით, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩაკრულოდან ტექსტი — ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა, მათ მიმართ სიძულვილის კონტექსტში გამოიყენა, რადგან სამეფო სახლის ამჟამინდელი მეთაური, დავით ბაგრატიონი მუხრანბატონის ტიტულს ატარებს.

"ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის ჩაკრულოს ტექსტი — ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში.

1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას, არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში", — ვკითხულობთ მათ განცხადებაში.

გუშინ, 13 იანვარს, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე თქვა:

"გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ისტორიულად არ ვეპუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ფეოდალები. "ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა" ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის".

რის შემდეგაც მას მოსამართლემ მიმართა, რომ საქმის გარემოებებს დაბრუნებოდა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:

"ჩუვუხტი მუხრან ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა არის, ჩამოვუხტი, ამაზე მეტი გარემოება რა გინდა, ჩამოვუხტი, ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ კორუფციას, დამცირებას, დაცინვას, კრიმინალების თარეშს და უპერსპექტივობას".