კანადელ კაცს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯერ არ აცრილა, თავისი 12 წლის შვილის ნახვის უფლება დროებით ჩამოერთვა. ეს მას შემდეგ, რაც მამამ დღესასწაულებზე ბავშვთან გასატარებელი დროის გაზრდა მოითხოვა. სასამართლოს განცხადებით, გადაწყვეტილების საფუძველი ბავშვის ინტერესებია.

ერთ-ერთი კანადელი იურისტის თქმით, ქვეყანაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა მშობელს ბავშვთან ურთიერთობა იმუნიზაციასთან დაკავშირებული საკითხის გამო შეეზღუდა.

გადაწყვეტილების მიხედვით, მამა ბავშვის ნახვას თებერვლამდე ვერ შეძლებს, თუკი ამ პერიოდში იგი არ აიცრება.

ბავშვის დედამ, რომელიც მამის მოთხოვნის წინააღმდეგი იყო, სასამართლოს განუცხადა, რომ თავად მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაიგო ყოფილი ქმრის აუცრელობის შესახებ. ამასთან, იგი სოციალურ ქსელში ხშირად აფიქსირებდა, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო.

სასამართლოს განცხადებით, "ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი მამასთან კონტაქტი" სასურველი არ იყო, რადგან კვებეკის პროვინციაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა.

პროვინციაში, სადაც კანადაში კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტეს, რომ აუცრელ მოქალაქეებს გადასახადი დაუწესდეთ. ამ დროისათვის კვებეკის მოსახლეობის 12 პროცენტამდეა აუცრელი.