მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის, ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, უკრაინაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ. მისი თქმით, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ შესაბამის დოკუმენტებს მიაწვდის საქართველოს გენპროკურატურას.

"დღეს შევხვდით მიხეილს, რადგან უკრაინისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. უკრაინაში უკვე აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ, წამების, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასთან და არასწორ მკურნალობასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, რომ არ შეუძლია ამ პირთა პასუხისგებაში მიცემა, გააუქმა ინსპექტორის სამსახურიც, ამიტომ დარწმუნებული ვართ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ამ პირთა ვინაობის დასადგენად, მათი გვარები ისედაც ცნობილია [ფორმულას თარგმანი]", — თქვა ადვოკატმა.

მისივე განცხადებით, უკრაინელი ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, რათა შეფასდეს, თუ რა ხარისხის ზიანი მიადგა სააკაშვილის ჯანმრთელობას.

"ჩვენ უკვე გვქონდა მთელი რიგი შეხვედრები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უკრაინელი ექსპერტები და ექიმები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ შეაფასონ, როგორი ზიანი მიაყენეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და ამჟამად, როგორია მისი მდგომარეობა. უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ყველა დოკუმენტს გადავცემთ უკრაინის გენპროკურატურის საგამოძიებო ბიუროს. მივიღეთ დეტალური ინფორმაცია, როგორ გადაიყვანეს ის დაწესებულებაში და მიგვაჩნია, რომ მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა, რომ უფრო მეტი ზიანი მიადგეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას [ფორმულას თარგმანი]", — ამბობს ის.

30 დეკემბერს, გვიან ღამით სააკაშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ექსპრეზიდენტი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს. ოფიციალური განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა მხოლოდ 9 საათის შემდეგ გაავრცელა და დაადასტურა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია.