გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით.

"საქართველოში მოქმედი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სააგენტოების ჯგუფი სინანულს გამოთქვამს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო. 2022 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი ცალკეული ინსტიტუტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური", — აცხადებენ ისინი.

მათივე თქმით, შეშფოთებულები არიან, რომ გადაწყვეტილება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტის, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოფ პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა, მიიღეს დაჩქარებული წესით, ინკლუზიური, გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე.

"სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელ გზავნილს უგზავნის ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტებს.

შეშფოთებულნი ვართ, რომ ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატში შემავალი დანაშაულების სიის არსებითი გაფართოება იწვევს უწყების გადატვირთვის სერიოზულ რისკს და მისი გუნდის ყურადღების გადატანას მისი ძირითადი მანდატის შესრულების - დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლისაგან", — აღნიშნულია განცხადებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ.

13 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ვეტო არ დაადო. მისი განცხადებით, ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. 27 დეკემბერს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუღებელს უწოდებდა ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს და მოითხოვდა, რომ საკითხის დაჩქარებული წესით არ განხილულიყო.

მან ვეტო არ დაადო კიდევ ერთ, საერთო სასამართლოების შესახებ მიღებულ კანონსაც, თუმცა მისი თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს.