რუსეთის სახელმწიფო მედიის, TASS-ის ცნობით, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) სომხეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სამშვიდობები ყაზახეთს ტოვებენ.

ორგანიზაციის დანაყოფები "სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად და ძალოვანი სტრუქტურების დახმარებლად" ყაზახეთში 6 იანვრიდან გაგზავნეს. ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ რუსული ჯარებიც, მათ შორის, BBC-ის ინფორმაციით, რუსეთმა ყაზახეთში 45-ე საჰაერო სადესანტო სპეცდანიშნულების ბრიგადა გაგზავნა, რომელიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა. სამშვიდობოების ეტაპობრივი გაყვანა 13 იანვარს დაიწყო. DW-ს ცნობით, რუსეთის დანაყოფებმა ქვეყნიდან გასვლა გუშინ დაიწყეს.

ქვეყანაში დაძაბულობა საწვავის ფასის ზრდის გამო 4 იანვარს მასობრივი აქციებით დაიწყო. მას შემდეგ, ყაზახეთის მთავრობა გადადგა, თუმცა დაპირისპირება არ შეწყვეტილა. მოქალაქეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით, აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.

მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. 7 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში "ანტიტერორისტული" ოპერაცია მიმდინარეობს, რომელიც "ბოევიკების სრულ განადგურებამდე" გაგრძელდება. მისივე თქმით, სამართალდამცავებს და არმიას მისცა ბრძანება, რომ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გახსნან.