ლორდ ჰარისმა დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა და დაინტერესდა, გააპროტესტებს თუ არა ბრიტანეთი საქართველოს მთავრობასთან ციხეში არსებულ მის მდგომარეობას. ლორდმა ყურადღება გაამახვილა, რომ სააკაშვილს ადვოკატებთან კონფიდენციალური საუბრების საშუალება არ ეძლევა.

"როცა არჩევნებში დამარცხდა, ძალაფულება მშვიდობიანად გადააბარა, ეს იყო ძალაუფლების პირველი მშვიდობიანი გადაცემა საქართველოში. შემდეგ, მას ჩამოართვეს მოქალაქეობა და ციხეში ჩასვეს შეთითხნილი ბრალდებებით, რასაც Amnesty International აშკარა პოლიტიკურ შურისძიებას უწოდებს. ამას მინისტრს მოვახსენებ, თუმცა ჩემი შეკითხვა მის პატიმრობას ეხება.

ციდიან გამოგზავნილ წერილში, ის ადვოკატებთან პირადი კომუნიკაციის შეზღუდვასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაერთ შეურაცხყოფაზე საუბრობს. გააპროტესტებს თუ არა მისი უდიდებულესობის მთავრობა საქართველოს მთავრობასთან ამას და სთხოვს ჩვენს ელჩს, რომ ციხეში მოინახულოს?", — აღნიშნა მან.

ადვოკატებთან კომუნიკაციის კონფიდენციალურობასა და რუსთავის ციხეში ექიმების შეშვებას მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ ითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მან ულტიმატუმი წამოაყენა, რომლის ვადაც თვის ბოლოს იწურება. სააკაშვილს არ დაუსახელებია, რა ზომებს მიმართავს მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუმცა აღნიშნა, რომ ეს იქნება "უკიდურესი". ექსპრეზიდენტი 2021 წლის 29 დეკემბერს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანეს.