თუ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის მოფრთხილების გარდა პირბადის სატარებლად დამატებით მიზეზს ეძებთ, თქვენთვის საინტერესო სიახლე გვაქვს: კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევრების მიხედვით, პირბადიანი ადამიანები უფრო მიმზიდველად ითვლებიან. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე დიდი მოწონებით ლურჯი ფერის ერთჯერადი სამედიცინო ნიღაბი სარგებლობს.

კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პროფესორისა და სახეების ექსპერტის, მაიკლ ლუისის თქმით, პანდემიამდე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო პირბადის ტარება ადამიანს ნაკლებად მიმზიდველად წარმოაჩენდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ პირბადე დაავადებასთან ასოცირდებოდა.

მკვლევრებმა გადაწყვიტეს, გაეგოთ, როგორ შეიცვლებოდა საზოგადოების აზრი პანდემიის დროს, როცა პირბადე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მათ ასევე აინტერესებდათ, რა გავლენას ახდენდა პირბადის ტიპი ადამიანის მომხიბვლელობაზე.

ახალმა კვლევამ ძველისაგან რადიკალურად განსხვავებული შედეგი აჩვენა: ადამიანები ყველაზე მომხიბვლელად მათ თვლიან, ვისაც სამედიცინო პირბადე უკეთია. ლუისის თქმით, ამის სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ ლურჯი ფერის სამედიცინო პირბადე ჩვენთვის ექიმებთან ასოცირდება.

"როცა თავს დაუცველად ვგრძნობთ, სამედიცინო ნიღბის დანახვა გვაიმედებს და უფრო პოზიტიურად ვართ განწყობილი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მას ატარებს", — ამბობს ლუისი.

დიდ ბრიტანეთში აღნიშნული კვლევა 2021 წლის თებერვალში დაიწყო — მაშინ, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი პირბადის ტარებას უკვე მიჩვეული იყო. კვლევაში 43 ქალი მონაწილეობდა, რომლებსაც კაცის სახე 1-დან 10-მდე ქულით უნდა შეეფასებინათ. ქალებმა რამდენიმე სახე შეაფასეს: ლურჯი სამედიცინო ნიღბით დაფარული სახე, ნაჭრის პირბადით დაფარული სახე, უპირბადო სახე და სახე, რომელსაც ცხვირს ქვემოთ შავი წიგნი ფარავდა. გამარჯვებული ლურჯი სამედიცინო ნიღაბი აღმოჩნდა, მის შემდეგ კი ყველაზე მომხიბვლელად ნაჭრის პირბადე ჩაითვალა.

"აღნიშნული შედეგი პანდემიამდე ჩატარებული კვლევის შედეგებს ეწინააღმდეგება, როცა პირბადე დაავადებასთან ასოცირდებოდა და პირბადიან ადამიანს უფრთხოდნენ. პანდემიამ ჩვენი ფსიქოლოგია შეცვალა და ადამიანებს, რომლებიც ნიღაბს ატარებენ სხვანაირად აღვიქვამთ. პირბადიანი ადამიანის დანახვისას აღარ ვფიქრობთ: 'ის ავადაა და თავი შორს უნდა დავიჭირო', — ამბობს ლუისი.

ლუისის თქმით, აღნიშნულ შედეგში შესაძლოა გარკვეულ როლს თვალებიც თამაშობდეს: პირბადის ტარება იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთის თვალებს მეტ ყურადღებას აქცევენ.

აღსანიშნავია, რომ იგივე კვლევა კაცებზეც ჩაატარეს, რომელთან ქალის სახე იმავე პირობებით უნდა შეეფასებინათ. მართალია, კვლევა ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ლუისის თქმით, შედეგები პირველის მსგავსია.