დროას განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთო სასამართლოებისა და ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტზე ხელმოწერით, შეუერთდა ქართული ოცნების სადამსჯელო კამპანიას. მათი თქმით, ვეტოს უფლების არგამოყენება უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში მმართველი გუნდის წახალისება.

"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, გაუქმების შესახებ კანონს. აღნიშნულით საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ სადამსჯელო კამპანიას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

დროა მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს მის მიერვე ინიცირებულ პროცესს ეროვნული კონსენსუსის შექმნასთან დაკავშირებით.

"პრეზიდენტმა არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა მოტივირებული შენიშვნებით კანონის პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში ქართული ოცნების წახალისება.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ქმედება ეწინააღმდეგება 2021 წლის 27 დეკემბრის განცხადებაში დაფიქსირებულ მისსავე პოზიციას", — წერია განცხადებაში.

დღეს, 13 იანვარს სალომე ზურაბიშვილმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ვეტო არ დაადო. მისი განცხადებით, ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. 27 დეკემბერს კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუღებელს უწოდებდა ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს და მოითხოვდა, რომ საკითხის დაჩქარებული წესით არ განხილულიყო.

მან ვეტო არ დაადო კიდევ ერთ, საერთო სასამართლოების შესახებ მიღებულ კანონსაც, თუმცა მისი თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილებები აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს.