ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ფიქრობს, რომ პარტია საზოგადოების გარკვეული ნაწილის რეალურ საჭიროებებს აცდა. მისი თქმით, ცდილობს, ენმ-მ ისეთი სტრატეგია შეიმუშაოს, რომელიც პარტიას "ბევრ ხალხთან მიიყვანს". ასე ხსნის მელია პარტიის რეორგანიზაციის აუცილებლობას.

"ვცდილობ ვიყო აქტიური პოლიტიკურ ველზე და მქონდეს შეხვედრა სხვადასხვა ტიპისა და გემოვნების მოქალაქეებთან, ჩვენ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მაჯისცემისგან ხელი გაგვექცა და ავცდით მის რეალურ საჭიროებებს. ვცდილობ, რომ უბრალოდ პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ხედვა დააკორექტიროს და სტრატეგია შეიმუშაოს იმდაგვარი, რომელიც ჩვენ ბევრ ახალ ადამიანთან მიგვიყვანს", — თქვა მან TV პირველთან.

მელიას თქმით, ქვეყანაში ძალიან ბევრია ისეთი, ვინც არც ნაციონალური მოძრაობის და არც ქართული ოცნების ამომრჩეველი არ არის და მათთან ბევრი მუშაობაა საჭირო. მისი განცხადებით, თაობა შეიცვალა და ის, რაც გასულ წლებში პროგრესული და წარმატებული იყო, ახლა ასე აღარ არის.

"გნებავთ, აღიარებად ჩამითვალეთ, გნებავთ ზედმეტად გულწრფელ ნათქვამში, მაგრამ ეს არის ორჯერ ორი ოთხი — ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში სხვადასხვა მსხვილ ქალაქში ცხოვრობს ბევრი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, ბევრი ქართული ოცნების ამორჩეველი და დამატებული ის ხმები, რომლებსაც ისინი არ იმსახურებენ, ასევე, ძალიან ბევრი, უბრალოდ ბევრი არა, იმ ტიპის ამომრჩევლები და მოქალაქები, რომლებსაც არ უნდა ქართული ოცნება, მაგრამ არც ნაციონალური მოძრაობისკენ მიუწევს გული.

[...] ვფიქრობ, რომ ამ საზოგადობრივ ჯგუფებთან აქტიური მუშაობაა საჭირო. ის, რაც იყო ნაციონალური მოძრაობისთვის პროგრესული, ის, რაც ნამდვილად იყო წარმატებული და კარგი 2003 და 2004 წელს, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად პროგრესული, წარმატებული და კარგია 2022 წელს. თაობები შეიცვალა", — განაცხადა მან.

ნაციონალურ მოძრაობაში სტრუქტურული ცვლილებებია. 10 იანვარს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია, გენერალურ მდივნად კი პეტრე ცისკარიშვილი აირჩიეს. ამასთან, ნიკა მელია გარკვეული პერიოდით თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას შეითავსებს.