მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ელგუჯა ცომაია ამბობს, რომ ექსპრეზიდენტთან ერთად ბათუმიდან თბილისში მომავალი პატრულმა გააჩერა, თუმცა მხოლოდ დააჯარიმა და გაუშვა. ცომაია დაზუსტებით ვერ ამბობ, პატრულმა იცნო სააკაშვილი და და არაფერი მოიმოქმედა თუ ვერ იცნო, თუმცა აცხადებს, რომ ამ ფაქტის შემდეგ მათ ტრანსპორტი შეიცვალეს და თბილისამდე გზა ისე განაგრძეს.

"გზაში გაგვაჩერა პატრულმა. მათვალიერებდა მეც, მიხეილ სააკაშვილსაც, მანქანას. ვნერვიულობდი ახლა, კაცი აგერ, გვერდით მიზის, მაგრამ უკანა ნათურები არ გინათებსო და ჯარიმას გამოგიწერო. გულში ვფიქრობ, შენ გაგახარა ღმერთმა. ამომიწერა და ჩავჯექით ისევ და წამოვედით.

ჩვენ ვაპირებდით თბილისში წამოსვლას, მაგრამ ხომ ვსაუბრობთ გზაში, შეეშინდა [პატრულს] და იმიტომ არ თქვა თუ ვერ იცნო. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ალბათ გიცნო — მე ვუთხარი — და შეეშინდა-მეთქი. ჰოდა, ამ შეშინების ფონზე, მარშუტკით რომ ვაპირებდით წამოსვლას, ვუთხარი მოდი ჯობია ტრაილერით წავიდეთ-მეთქი — ტრაილერი კაციშვილმა არ იცოდა", — განაცხადა ცომაიამ.

მან დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დეტალურად მოყვა როგორ შემოიყვანა ექსპრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში საკუთარი ტრაილერით, ასევე სად და როგორც გადაადგილდებოდნენ ისინი საზღვრის კვეთიდან დაკავებამდე. მისი თქმით, ფოთის პორტში შემოსვლის შემდეგ ისინი აბაშაში წავიდნენ, სადაც ერთი ღამე გაათიეს. მეორე დღეს სააკაშვილის თხოვნით ცომაიამ ის ბათუმში წაიყვანა, საიდანაც, იმავე დღეს თბილისში წავიდნენ. ცომაიასვე განცხადებით, გზაში რამდენჯერმე გააჩერეს, რა დროსაც სააკაშვილი ფოტოებს და ვიდეოებს იღებდა. გარდა ამისა, ზესტაფონში მათ ხაჭაპური და ჩაი იყიდეს და იქვე შეჭამეს.

სასამართლო სხდომა მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. ექსპრეზიდენტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში საუბრობდა და ძირითადად ყვებოდა იმაზე, რატომ გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება.

ნახეთ, რა თქვა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე: