სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად სტანდარტად დაადგინა, რომ მონაცემთა ასეთი დარღვევა არის მისაღები.

"ეს გადაწყვეტილებაც, რაც გუშინ სასამართლომ გამოიტანა, იყო უპრეცედენტო იმიტომ, რომ ამით მხოლოდ ერთ საქმეზე კი არ თქვა სასამართლომ თავის სათქმელი, ფაქტობრივად სტანდარტად დაადგინა, რომ მონაცემთა ასეთი უხეში დარღვევა არის მისაღები.

ეს არის ძალიან ცუდი, ზოგადად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით და იმ ფონზე, როდესაც პარლამენტი დღეს ამბობს, რომ კანონი მიიღო მონაცემთა გასაუმჯობესებლად, ამ ფონზე ასეთი ტიპის სასამართლო გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან კავშირში არაა", — განაცხადა მან ფორმულას ეთერში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნა არ დარღვეულა.

სასამართლომ აღნიშნული განცხადება გაავრცელა მას სემდეგ, რაც 11 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თქვა, რომ საქალაქომ ინსპექტორის მიღებული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს მიერ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ გააუქმა.