მაგთიკომის თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. მიზეზად ისინი სამუშაო პირობებსა და "მიზერულ" ხელფასს ასახელებენ. მათი განცხადებით, მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, თავად კოვიდინფიცირებულ მომხმარებლებთან უწევდათ შეხება.

"ონლაინ მუშობაზე გადავიდა პანდემიის პერიოდში მთელი ქვეყანა, ჩვენ განსაკუთრებულად მოგვემატა სამუშო, გაგვირთულდა პირობები და მართლა ცხელ წერტილებში, კოვიდაბონენტებთან შევდიოდით და ვუგვარებდით პრობლემებს. გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ეს ხელფასი, რასაც ჩვენ გვიხდიან, ჩვენს შრომაში არის ძალიან მიზერული და ვითხოვთ ამ პირობების გადახედვას რათა ალტერნატიული პირობები წამოვიდეს მათი მხრიდან", — თქვა ერთ-ერთმა გაფიცულმა ფორმულასთან.

კიდევ ერთი დასაქმებული ამბობს, რომ კომპანია არცერთ კომპრომისზე არ მიდის და მათ ყველა მოთხოვნაზე უარი აცხადებს. თანამშომლების თქმით, კომპანიის ტექნიკოსები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან გაფიცულები, ამასთან, არ მუშაობს კომუნიკაციის არცერთი თანამშრომელი.

საპასუხოდ, მაგთიკომი აცხადებს, რომ კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ კომპანიამ ყველა თანამშრომელს ხელფასი მინიმუმ 10%-ით, ინჟინერ-ტექნიკოსებს კი 23%-ით გაუზარდა. მათი თქმით, ვითარების განმუხტვას ცდილობენ, ამასთან, აღნიშნავენ, რომ სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად, შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებსაც გადადგამენ.

"მაგთიკომში გარკვეულ ჯგუფებზე მოქმედებს საბონუსე სისტემა. ბონუსები მიიღეს იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც დღეს სამუშაო პირობების გადახედვას ითხოვენ. კოვიდპანდემიის პერიოდში, კონკრეტულად, ინჟინერ-ტექნიკოსების ჯგუფებზე მაგთიკომის მიერ გაცემულმა ბონუსმა თითქმის 3 მილიონი ლარი შეადგინა. აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაგთიკომის ოპერირების ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი პრეცედენტი იმისა, რომ თანამშრომელს ხელფასი დანიშნულ დღეს არ მიეღოს. მაგთიკომი გადადგამს შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში დასაბრუნებლად", — ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.