კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რეჟისორი, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა და მას, ისევე, როგორც სხვებს, უბრალოდ "ვადა გაუვიდა".

წულუკიანი განმარტავს, რომ ამ პოზიციაზე შესარჩევად საკონკურსო პროცედურები მიმდინარეობს და თუ წულაძე განაცხადს შეიტანს, განიხილავენ.

"ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს ჩვენს სისტემაში და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები. თუკი ის სამხატვრო ხელმძღვანელები, ვისაც ვადა გაუვიდა და ზოგიერთი მათგანი მართლაც ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს ისიც პოზიციაზე, რა თქმა უნდა, მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული", — განაცხადა მან.

On.ge ლევან წულაძესთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მისი ცოლის, მანანა კოზაკოვას თქმით, ის კოვიდინფიცირებულია და ტელეფონი არ აქვს. როგორც კოზაკოვამ On.ge-ს განუცხადა, ეს პროცედურა 4 წელიწადში ერთხელ ტარდება — საბჭო კანდიდატურებს განიხილავს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირჩევა. მისივე თქმით, წულაძეს ამ კონკურსში მონაწილეობა აქამდე 2-ჯერ აქვს მიღებული.