ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ არანაირი საფუძველი მისი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს.

"ჩვენ გუშინ მოსამართლემ გაგვამართლა ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში ჩვენი დევნა. ითქვა ახალი ბრალდება, რომელიც არის ხანდაზმული.

მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს. თუ იქნება მცდელობა მანდატის, ანუ ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის, ეს იქნება შეფასებული, როგორც პოლიტიკური დევნის დაწყების ახალი ტალღა, მაგრამ ამ მომენტისთვის მე რაიმე კატეგორიული განცხადება ქართული ოცნების მხრიდან არ მომისმენია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტის არ არსებობს", — განაცხადა ჯაფარიძემ.

საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება თუ სასამართლოს განაჩენით დამნაშავედაა ცნობილია.

გუშინ, 12 იანვარს, მოსამართლე გიორგი არევაძემ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე მუხლი გადაუკვალიფიცირა და დამნაშავედ თაღლითობაში ცნო. ჯაფარიძეს და ხაზარაძეს სასამართლომ 7-7 წელი მიუსაჯა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმდათ.

იურისტი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი განმარტავს, რომ ხანდაზმულობის გამო ამ მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე პროკურატურა გამოძიებას ვერ დაიწყება. "სამართალი ურმიდან გადმოვარდა" — ასე შეაფასა მან მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილება.

"პროკურატურა, სახელმწიფო ბრალმდებელი, ვერცერთ შემთხვევაში შეძლებდა დაეწყო გამოძიება და ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი თაღლითობაში გაემტყუნებინა. სასამართლომდეც ვერ მიიტანდა საქმეს, ნაბიჯს ვერ გადადგამდა, ამ შედეგს ვერ დააყენებდა.

ამის საპირისპიროდ, მოსამართლე არევაძემ სასწაული შეძლო. თვითონ გამოიტანა ხანდაზმულ "დანაშაულზე" განაჩენი — იმ "დანაშაულზე", რომელზეც გამოძიებაც კი ვერ დაიწყებოდა და შეუძლებელია ვინმეს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოსულიყო, მოსამართლე არევაძემ სამი ადამიანი დამნაშავედ ცნო", — აცხადებს მარიკაშვილი.

გაიგე მეტი: