ჩვენი მზის სისტემა კოსმოსის განსაკუთრებულად ცარიელი რეგიონის შუაგულში მდებარეობს, რომელიც დაბალი სიმკვრივითა და მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. 1 000 სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული ეს არეალი ცივი აირითა და მტვრითაა შემოსაზღვრული და ადგილობრივ ბუშტის სახელითაა ცნობილი. მისი წარმოქმნის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველი იყო.

ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრში მომუშავე მეცნიერებმა, კოლეგებთან ერთად, ზემოხსენებული რეგიონის დეტალური რუკა შეადგინეს და დაადგინეს, რომ მის ფორმირებას მილიონობით წლის წინ ზეახალი ვარსკვლავების აფეთქებამ შეუწყო ხელი. ასევე, აღმოჩნდა, რომ ის ნელ-ნელა ფართოვდება და მნათობების გაჩენის აქტიურ პროცესს განაპირობებს.

ადგილობრივი ბუშტის შესახებ 1970 და 1980-იან წლებში მოპოვებული მონაცემების მეშვეობით გავიგეთ. ამის მიუხედავად, მისი სათანადოდ შესწავლა აქამდე ვერ მოხერხდა, რადგან შიგნით ვიმყოფებით, გარს კი უამრავი ასტრონომიული სხეული გვარტყამს.

სპეციალისტებმა ESA-ს კუთვნილი ობსერვატორიის Gaia მიერ კოსმოსურ ობიექტთა განლაგებასა და მოძრაობაზე შეგროვებული ინფორმაცია გამოიყენეს. მისი გაანალიზების შედეგად კი დაასკვნეს, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავთა უმეტესობა სწორედ ამ სიცარიელის საზღვარზე იყრის თავს.

საქმე იმაშია, რომ ზეახალის აფეთქებისას თანმხვედრი მატერია იკუმშება, რაც მოლეკულურ აირში მკვრივ "კვანძებს " ქმნის. თითოეული მათგანი საკუთარი მძლავრი გრავიტაციის გავლენით კოლაფსირდება და მნათობების წარმოქმნას იწვევს.

სიმულაციების თანახმად, უჩვეულო ბუშტის ისტორია დაახლოებით 14.4 მილიონი წლის წინ დაიწყო, ხოლო დღევანდელი სახე მან 15 ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად მიიღო. მისი რადიუსი ამჟამად 538 სინათლის წელია და ის 6.7 კმ/წმ სიჩქარით ფართოვდება.

მკვლევრები აცხადებენ, რომ ამ უზარმაზარი სივრცის ცენტრში მზის სისტემის მოხვედრა წმინდა შემთხვევითობაა, რადგან აქ თავი 5 მილიონი წლის წინ, გალაქტიკაში გადაადგილებისას ამოვყავით.

ისინი ვარაუდობენ, რომ ირმის ნახტომში მრავალი ასეთი რეგიონია, რომელთა პოვნასაც მეცნიერები უახლოეს მომავალში ეცდებიან.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.