აფრიკული გიგანტური ვირთხა, სახელად მაგავა, რომელსაც კამბოჯაში ნაღმების აღმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის პრესტიჟული ოქროს მედალი გადაეცა, მოკვდა.

მაგავა რვა წლის იყო.

ვირთხა ბელგიურმა ორგანიზაცია Apopo-მ გაწვრთნა, რათა ყნოსვით ნაღმები მიეგნო და ეს მას ძალიან წარმატებულად გამოსდიოდა კიდეც.

ორგანიზაციის განცხადებით, აფრიკული ვირთხა ჯანმრთელობას არ უჩიოდა, მაგრამ ბოლო ორ დღეში საჭმლის მიმართ ინტერესი დაკარგა, ძირითადად ეძინა და შემდეგ მშვიდად მოკვდა კიდეც.

ფოტო: REUTERS/Cindy Liu

გაწვრთნილმა ცხოველმა 141 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია საფუძვლიანად შეამოწმა, რაც ფეხბურთის 20 სტადიონს უდრის, და 39 ნაღმსა და 28 აუფეთქებელ საბრძოლო მასალას ყნოსვით მიაგნო.

ვარაუდობენ, რომ კამბოჯაში 6 მილიონამდე ნაღმია დაფლული.

მაგავა ტანზანიაში დაიბადა და გაიზარდა. ის 1,2 კილოგრამს იწონიდა და სიგრძეში 70 სანტიმეტრს აღწევდა. მართალია მღრღნელი ჩვეულებრივ ვირთხებთან შედარებით დიდი იყო, თუმცა ის მაინც საკმარისად პატარა იყო იმისთვის, რომ ნაღმზე გადარბენის შემთხვევაში მისი აფეთქება არ გამოეწვია. ამის გამო ის სამუშაოს ადამიანებზე გაცილებით სწრაფად და უსაფრთხოდ ასრულებდა.

სწორედ ამის გამო ბრიტანულმა ვეტერინარულმა საქველმოქმედო ორგანიზაცია PDSA-მ მას მედალი "სიცოცხლის გადამრჩენელი მოვალეობისადმი ერთგულებისთვის" უბოძა.

2021 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ მაგავა პენსიაში გავიდა და სიცოცხლის ბოლო თვეები საყვარელი სასუსნავების ღრღნითა და თამაშით გაატარა.