ბრიტანულმა ელექტროენერგიის მომწოდებელმა კომპანიამ იმ "არასახარბიელო" განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, რომლითაც მომხმარებლებს გადასახადების შესამცირებლად ცხოველებთან ჩახუტება და ვარჯიში ურჩია.

ბრიტანულმა კომპანია OVO Energy-მ მომხმარებელს "ზამთარში სითბოს შესანარჩუნებლად 10 მარტივი და ეკონომიური გზა" შესთავაზა, რომელშიც ერთ-ერთი შინაურ ცხოველებთან ჩახუტება იყო, თუმცა ეს განცხადება ოფიციალური ვებგვერდიდან უკვე წაშლილია.

"გვესმის, რომ ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის გამო ჩვენი მომხმარებლისთვის ეს წელი რთული იქნება. ჩვენ გამოსავლის პოვნას ვცდილობთ და ელექტროენერგიის დაზოგვის შესახებ ბლოგზე განთავსებული რჩევები მომხმარებლებს შეტყობინების სახით ამიტომაც დაეგზავნათ. ვაღიარებთ, რომ ბლოგის შინაარსი არასახარბიელო და უსარგებლო იყო, რის გამოც ბოდიშს გულწრფელად ვიხდით", — განაცხადა OVO Energy-ის წარმომადგენელმა.

ფოტო: Getty Images

გაზრდილი ტარიფების გათვალისწინებით, ბრიტანელებს ელექტროენერგიაში ამ წელს საშუალოდ 1075 დოლარის გადახდა მოუწევთ. ევროპაში გაზის საფასური წინა წელთან შედარებით 400%-ით გაიზარდა, ხოლო ელექტროენერგიის 300%-ით. ფასების ზრდა გამოწვეულია ცივი ამინდით, საფრანგეთში ატომური სადგურების გათიშვითა და რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირებით.

OVO Energy-ის მიერ შემოთავაზებულმა რჩევებმა საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ბრიტანეთის თანასწორობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა OVO Energy-ის რჩევებს "შეურაცხმყოფელი და უყურადღებო" უწოდა, რადგან გასათბობად მეტი ვარჯიშისკენ მოწოდების შემცველი შეტყობინება შშმ პირებმაც მიიღეს. ცნობისთვის, ბრიტანეთში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ნახევარიც შშმ პირია.