ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის The Ronettes წევრი რონი სპექტორი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოჯახის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რონი "კიბოსთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა ოჯახისა და საყვარელი ქმრის გარემოცვაში".

The Ronettes მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკაში ძალიან წარმატებული ჯგუფი იყო, რომლის სამივე წევრიც ქალი იყო: რონი სპექტორი, მისი უფროსი და, ესტელ ბენეტი, და მათი დეიდაშვილი — ნედრა ტალი.

მათ ეკუთვნით ისეთი ცნობილი სიმღერები, როგორებიცაა Baby I Love You, Walking in the Rain და Be My Baby.

რონი სპექტორის გარდაცვალებას გამოეხმაურა The Beach Boys-ის წევრი ბრაიან უილსონი:

"მისი ხმა ძალიან მიყვარდა, ის ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანი და ძვირფასი მეგობარი იყო. გული მომიკლა ამ ამბავმა. რონის მუსიკა და სული სამუდამოდ იცოცხლებს".