ჯეისონ მომოამ და ლიზა ბონეტმა ინსტაგრამზე ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს და საზოგადოებას შეატყობინეს, რომ განქორწინებას აპირებენ.

"ყველა ვგრძნობთ იმ წნეხსა და ცვლილებებს, რაც ამ გარდამტეხ დროებას ახლავს. ყველაფერი გარდაიქმნება და გამონაკლისი არც ჩვენი ოჯახია, რადგან მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა. ასე რომ, ჩვენი ოჯახის შესახებ ახალ ამბავს გიზიარებთ და გატყობინებთ, რომ ქორწინებას ვასრულებთ", — ვკითხულობთ საერთო განცხადებაში.

წყვილი ერთმანეთს 2005 წელს ჯაზ-კლუბში შეხვდა, სანამ მომოა სამეფო კარის თამაშებიდან ცნობილი გახდებოდა. როგორც ჩანს, მომოას ლიზა ბონეტი ჯერ კიდევ იმ დროიდან მოსწონდა, როცა The Cosby Show პირველად ნახა.

"როცა 8 წლის ვიყავი და ლიზა ტელევიზორში დავინახე, მაშინვე ვთქვი: "დედა, მე ის მინდა". მაშინ მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება ლიზას გვერდით ყოფნა მინდოდა და ვაპირებდი, ამისთვის მიმეღწია კიდეც", — განაცხადა მომოამ ერთ-ერთ ინტერვიუში. როცა მომოა თავის ოცნების გოგოს პირველად შეხვდა, როგორც ჩანს, დრო არ დაუკარგავს და ყველაფერი წარმატებითაც დასრულდა.

ფოტო: Getty Images

წყვილს პირველი შვილი, სახელად ლოლა, 2007 წელს შეეძინა, ხოლო მათი ვაჟი ერთი წლის შემდეგ დაიბადა. მომოა ბონეტს ზოი კრავიცის აღზრდაშიც დაეხმარა და ლიზას ყოფილ ქმართან, ლენი კრავიცისთან, საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მომოა და ბონეტი 2017 წელს დაქორწინდნენ.

"ის სიყვარული, რომელმაც დაგვაკავშირა, არსებობას განაგრძობს და ვითარდება, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვათავისუფლებთ, რათა ის ადამიანები გავხდეთ, რომლებიც გვინდა, რომ ვიყოთ. ჩვენი ერთგულება შვილების მიმართ ურყევია, მათ ვასწავლით იმას, თუ რა არის შესაძლებელი სამყაროში და იმასაც, რომ სიყვარული ყველაფერს ამარცხებს", — ვკითხულობთ განცხადებაში.